,,საქართველოს ხელისუფლებამ ისრაელს პირველივე დღიდან მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა”- ჰადას მეიცადი

144
spot_img

ისრაელი იბრძვის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, თუმცა სამწუხაროდ ომს ახლავს მსხვერპლი, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა.

„სისხლიანი შაბათიდან მე-11 დღე გავიდა. ჰამასის ტერორისტული ჯგუფის მიერ ჩადენილი საშინელებები ყოველდღიურად უფრო ცხადდება. მათ მოკლეს და მძევლად აიყვანეს ბავშვები, ქალები და მოხუცებულები. ეს იყო სისხლისღვრა. ჰამასი დაესხა თავს მშვიდობიან დასახლებებს. მართალია ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერია, მაგრამ მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა. საქართველოს ხელისუფლებამ ისრაელს პირველივე დღიდან მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩვენ გვახსოვს როგორ გაერთიანდა აისისის ტერორიზმის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო. ჰამასის ჩადენილსაც უნდა დაერქვას თავისი სახელი. ეს იყო სისხლიანი ტერორიზმი და ამას ვერ ექნება ვერანაირი კონტექსტი. ახლაც უნდა გაერთიანდეს მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ. ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ იბრძვის, ღაზის სექტორში მყოფი ხალხი ჩვენი მტერი არ არის, მტერია ჰამასი. ისრაელი იბრძვის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, თუმცა სამწუხაროდ ომს ახლავს მსხვერპლი“, – განაცხადა მეიცადმა.