არ ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტისთვის 100 ხმას შეაგროვებს – ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან შეიძლება ვიღაცამ ხელი დააჭიროს და შემდეგ, მთელი ოპოზიციის ნაცვლად მე უნდა ვიმართლო თავი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მოსალოდნელ დასკვნაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მანჯგალაძეს არ აქვს მოლოდინი რომ სასამართლო „სამართლის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“.
„ზოგადად, იმპიჩმენტის პროცედურა არის სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხი. მაგრამ ჩვენთან 100%-ით პოლიტიკურია, შესაბამისად, არ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძეს წინასწარი კონსულტაცია ექნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობასთან და გარანტიების გარეშე, რეპუტაციულად, პროცესის არ დაიწყებდა. ამიტომ, ველოდები, რომ ხვალ იქნება 6 ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინც ამას მხარს დაუჭერს, ასევე, ველოდები, აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც განსხვავებულ აზრს დაწერს.
რაც შეეხება შემდეგ პროცედურას, არ ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ 100 ხმას შეაგროვებს, ძალიან გამიკვირდება, თუ პარლამენტში ეს 100 ხმა აღმოჩნდება, იმიტომ არა, რომ პრეზიდენტს ვუჭერ მხარს, არამედ იმიტომ, რომ ევროპაში ვიზიტის გამო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფმა ქვეყანამ პრეზიდენტი უმაღლეს ლიდერებთან შეხვედრის გამო არ უნდა დასაჯოს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება იმას, მიიღებს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმპიჩმენტის პროცედურის პარლამენტში გაგრძელების შემთხვევაში, საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობას. მანჯგალაძე ამბობს, რომ ეს პროცედურა ფარსია და მონაწილეობას არ მიიღებენ.
„კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ – ეს პროცედურა ჩვენთვის ფარსია. მონაწილეობას არ მივიღებთ მარტივი მიზეზის გამო: შეიძლება ვიღაცამ ხელი დააჭიროს და მთელი ოპოზიციის ნაცვლად მე უნდა ვიმართლო თავი. ვინც კენჭისყრაზე შევა, თავი აიყვანოს კონტროლზე და ერთმანეთში გაარკვიონ, ვინ დააჭირა ხელი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.