პრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა

105
spot_img

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

თევზაძის თქმით, მიუხედავად ხარვეზებისა, პრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მაინც მოაწერა, რადგან ის მნიშვნელოვან პრობლემებს აწესრიგებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა „საქართველოს თავდაცვის კოდექსს“, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას აწესრიგებს. ამიერიდან, სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებაში, ძირითადად, „საყარაულო“ ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც, მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა“, – განაცხადა თევზაძემ.

ცნობისთვის, „თავდაცვის კოდექსი“ პარლამენტმა, მესამე მოსმენით დაამტკიცა. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი 80 ხმით მიიღეს.

„თავდაცვის კოდექსი“, თანმდევი კანონპროექტებით, ახლებურად აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.