გვაქვს სურვილი, მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანაკლიის პორტი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება – ილჰამ ალიევი

141
spot_img

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბიოლის ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებით ერთობლივ პროექტებზეც ისაუბრა.

ალიევმა ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

„რაც შეეხება სხვა საკითხებს, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა უკვე ბრძანა, რომ ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვა მიმართულებები – დიდი გეგმები გვაქვს, უკვე შევქმენით წარმატებული პროექტები და ინიციატივები. მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მათი დასახელება, ყველამ იცის ეს წარმატებული პროექტი, ერთობლივად გვაქვს განხორციელებული ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტები. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა. აქაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას, ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი, მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოში, შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ, ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გავზრდით წარმადობას ხუთმაგად და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი ჩვენი „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებით. ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც ტრადიციული მიმართულება და სფეროა, ჩვენ საუბარი უკვე გვქონდა მწვანე ენერგიის დერეფანზე. აქაც საქართველო და აზერბაიჯანი, ორი მოძმე ერი შეთანხმებულად მუშაობენ ევროპულ ერებთან და მომდევნო თვეებში დავასრულებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ამ პროექტთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ, ხელშესახები შედეგები დავდოთ ინვესტიციების სახით, რომელიც უკვე დაგეგმილია და ეს იქნება ენერგეტიკული, მწვანე სადენის, დერეფნის მიმართულებით, რომელიც განამტკიცებს ჩვენი, საქართველოს, აზერბაიჯანის და პარტნიორი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას. ყველა ეს პროქტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანში და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, დიდი მნიშვნელობისაა, არა მარტო სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევროაზიული კონტინენტისთვის და მზად ვართ, ძალისხმევა ამ მიმართულებით წარვმართოთ. ძალიან დიდია ჩვენი პოლიტიკური ნება და არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით და გაფართოებით, ჩვენი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებით ჩვენ ამას მოვახერხებთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.