“რეგიონები არის ჩვენი ოქროს ზოდები, რომლებსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს”

179
spot_img

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი რეგიონებში ადგილობრივების პრობლემებს ისმენს, რათა მათი ხმა ხელისუფლებამდე მიიტანოს. „მსვლელობა ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში პარტიის ლიდერი ყველა რეგიონში ჩადის, რათა პირადად მოისმინოს რა აწუხებს ხალხს, რა პრობლემებს აგვარებს იქ ხელისუფლება და რას – არა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ქუთაისში რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ, ანა დოლიძე გურიასა და სამეგრელოში ჩავიდა.

„პირველ რიგში ჩამოვედით, რათა გვენახა, მეწყრის შემდეგ აქ რა ვითარებაა, რა საკითხი გადაიჭრა ხელისუფლების მხრიდან და რა – არა. გურია დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონი. სწორედ აქ არის ყველაზე დიდი რაოდენობით სოციალურად დაუცველი ოჯახები. რეალურად კი, გურია არის იშვიათად გამორჩეული ადგილი, თავისი ლანდშაფტით, ტყის მასივით, ჰავით, აქვს უდიდესი პოტენციალი, რაც არ არის გამოყენებული.

სახლების უმეტესობა დაცლილია, ხალხი წასულია ან ქალაქებში ან უცხოეთში სამუშაოდ. ძირითადი შემოსავალი კი, სოციალური შემწეობა, დაფნა ან თხილია. სინამდვილეში ეს ადგილი არის ოქროს ზოდი. ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს. სხვა ქვეყნებში მსგავსი ადგილები რომ ნახოთ, ყვავის იქ ეკონომიკა, ტურიზმი, მათ შორის სამედიცინო ტურიზმი, გახსნილია სარეაბილიტაციო და ბალნეოლოგიური ცენტრები.

ფაქტია, რომ თბილისის პოლიტიკური ელიტა ძალიან აცდენილია ხალხის მოთხოვნებთან, საერთოდ კავშირშიც კი არაა. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, როცა ჩვენი მოქალაქეები ამბობენ, რომ ვერ ვხედავთ ჩვენი ინტერესების გამტარებელ პარტიასო.

სანამ კოალიციებზე ვისაუბრებთ, ჯერ იმაზე ვიფიქროთ, ხვალ რას ელოდება ხალხი, იმაზე ვისაუბროთ, სამუშაო ადგილები რომ არ არის და დასაქმების მთავარი ადგილი საჯარო სამსახურია.

ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც მუდმივად წარმოების აუცილებლობაზე საუბრობს. აქ უნდა იყოს გადამუშავებაც და დოვლათის შექმნაც.

ყველამ ხომ ვიცით, რომ საქართველოში ვინც დარჩა, შუქის გადასახადსაც კი ოჯახის წევრების მიერ, უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით იხდიან. ხალხის უნდა ვაჩვენოთ, როგორ ვქმნით სამუშაო ადგილებს და კოალიციებზე არჩევნების წინ ვილაპარაკოთ“, – აცხადებს ანა დოლიძე.

გურიის შემდეგ, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ზუგდიდში ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა. ანა დოლიძის თქმით, როცა ხელისუფლება ეკონომიკურ ზრდაზე კაბინეტებიდან საუბრობს, ჯერ ამ ადამიანებს უნდა შეხვდეს და საკუთარი თვალით ნახოს მათი მდგომარეობა.

„ეკონომიკურ ზრდაზე რომ ლაპარაკობს ხელისუფლება, აი, ამ ხალხთან უნდა გავარკვიოთ რას ყიდულობენ და როგორ. ის ზრდა 5 ოჯახზე, რამდენიმე დიდ ჯგუფზე ნაწილდება, ვინც დაახლოებულია ხელისუფლებასთან და იგებს ტენდერებს.

60-65 წლის ადამიანები აქ დღეში 2 და 5 ლარზე მუშაობენ, ვაჭრობენ. ამ ასაკის ხალხს ისეთი პენსია უნდა ჰქონდეს, რომ ეს არ სჭირდებოდეს, გადარჩენაზე არ უნდა ფიქრობდეს. ზუგდიდიდან, ჩოხატაურიდან, ქუთაისიდან, თელავიდან – აქედან იზომება, უკეთესად ვცხოვრობთ თუ არა. რეალური ადამიანების ცხოვრებაში რა ხდება – ეს უნდა გაიგო და ამას კაბინეტიდან ვერ გაიგებ, რასაც მთავრობა და პოლიტიკოსების უმეტესობა აკეთებს“, – აცხადებს ანა დოლიძე.