თუ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში პირადი ვიზიტით დადის, იმპიჩმენტს რის საფუძველზე უცხადებენ? – სალომე სამადაშვილი

237
spot_img

თუ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში პირადი ვიზიტით დადის, იმპიჩმენტს რის საფუძველზე უცხადებს მას „ქართული ოცნება“, პირადი ვიზიტისთვის?- ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან, პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, „ზურაბიშვილის ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია და იმპიჩმენტის გამოცხადება ამ ვიზიტების გამო, ევროპული დღის წესრიგის მორიგი საბოტაჟია „რუსული ოცნების“ მხრიდან“.

„ერთადერთი შანსი იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა, მიუხედავად შეუსრულებელი მოთხოვნებისა. ამ პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფად, ზურაბიშვილის ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია და იმპიჩმენტის გამოცხადება ამ ვიზიტების გამო, ევროპული დღის წესრიგის მორიგი საბოტაჟია „რუსული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან. საკონსტიტუციო სასამართლოსგან მაქვს მოლოდინი, რომ „რუსული ხელისუფლების“ მიერ გაცემულ შესაბამის დავალებას შეასრულებენ. არანაირად არ მაქვს მოლოდინი, რომ საქმეს მართლაც არსობრივად განიხილავენ ან კონსტიტუციის შესაბამისად გამოიტანენ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილს „შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს, წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს“. ამის საპასუხოდ სამადაშვილმა აღნიშნა, რომ „პაპუაშვილის განცხადება არა თუ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც აბსურდია“.

„ეს აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სირცხვილი უბრალოდ არ აქვს და ამასთან, არაკვალიფიციური ხალხია. თუ პირადი ვიზიტით დადის სალომე ზურაბიშვილი ევროპაში, იმპიჩმენტს რის საფუძველზე უცხადებს მაშინ მას „ქართული ოცნება“, პირადი ვიზიტისთვის? რაც შეეხება, რა გადაწყვეტილება იქნება იმპიჩმენტთან დაკავშირებით პარლამენტში, არ ვიცი. შემიძლია ერთი რამ ვთქვა, ყველა დეპუტატი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს ამ ისტორიულ მომენტში, მიუხედავად, იმისა რა მოტივაციით გაამართლებს საკუთარ მოსაზრებას, ჩემი აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟში მიიღებს მონაწილეობას.

დღევანდელი ხელისუფლება ევროკავშირში და დასავლეთში სრულად დისკრედიტირებულია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველა ჩვენს პარტნიორს რუსეთის მოკავშირედ და იმ ხელისუფლებად მიაჩნია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წარუმატებლობა უზრუნველყოს. ამიტომ, მათ დამოკიდებულებას არც სალომე ზურაბიშვილის და არც არავის მიმართ არანაირი ზეგავლენა არ აქვს. პირიქით, ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხრიდან, ზურაბიშვილზე თავდასხმა და იმპიჩმენტის პროცესი კიდევ უფრო გააძლიერებს ევროკავშირში განცდას, რომ მართალია, ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, მაგრამ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველმა ხალხმა საკუთარი დღის წესრიგი ვერ განახორციელოს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს ესტონელ კოლეგას შეხვდა. მომდევნო დღეებში დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის და ლიეტუვის პრეზიდენტებთან.

რაც შეეხება ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებას, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს „შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს, ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს და იაროს, სადაც მას სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს, ვინაიდან, მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს“.

„სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას „რუსული გადაწყვეტილება“ უწოდა. ამ სიტყვების შემდეგ რა უნდა დაელაპარაკოს ესტონელ, ლატვიელ თუ ლიტველ კოლეგებს? რომელ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე შეიძლება ჰქონდეს მათთან საუბარი?“,- განაცხადა პაპუაშვილმა.