“სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება – რაც შეეხება იმპიჩმენტს, არაფერს გამოვრიცხავ”- კალაძე

283
spot_img

სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა მისი არჩევანია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ისაუბრა.

რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის პროცედურას, რაზეც ქვეყნის პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, კახა კალაძის თქმით, გამორიცხული არაფერია, რადგან ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს.

„მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდი სიგნალია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავენ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის მესიჯებს და განმარტებებს, თუმცა ეს ყველაფერი უფერულდება, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკას ატარებს არა პრეზიდენტი, არამედ ქვეყნის მთავრობა, პრეზიდენტმა კი თავისი ვიზიტები მთავრობასთან უნდა შეათანხმოს.

„ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის განმარტებებს, მესიჯებს, თუმცა ეს ყველაფერი უფერულდება, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, რადგან კონსტიტუციაში თეთრზე შავით წერია, რომ მან უნდა შეათანხმოს მთავრობასთან, მთავრობისგან უნდა მიიღოს ნებართვა. აქამდე თუ ამას აკეთებდა, უთანხმებდა მთავრობას მის წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით, დღეს რატომ გახდა აბსურდი? ცხადია, ახლა რა არის ამის მიზეზი. თქვენ ნახეთ ის მესიჯები, მისი ქმედებები, რასაც პრეზიდენტი ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებს. პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება, რაც ძალიან ცუდია, თუმცა ეს მისი არჩევანია და ვნახოთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყოველთვის მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, კონსტიტუციით რაც არის მოცემული და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, საგარეო პოლიტიკას ატარებს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს ყოველთვის ასე იყო მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია მივიღეთ. არ ვართ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა, ახალი კონსტიტუცია გვაქვს. შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას განაგრძობს. მათივე ცნობით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი რიგაში – ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს, 27 სექტემბერს კი ვილნიუსში ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდება.