“რუსეთი გაიმარჯვებს „ბოროტების“ წინააღმდეგ უკრაინაში” – კიმ ჩენ ინი

337
spot_img

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ვასტოჩნის“ კოსმოდრომზე ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინს შორის მოლაპარაკებები ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და შეხვედრა „მნიშვნელოვანი, არსებითი“ იყო.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ბირთვული ომის რისკებთან დაკავშირებული საკითხები არ განხილულა.

ამასთან, მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა რუსეთთან ურთიერთობები მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და რუსეთს „დიდი ბოროტების დასამარცხებლად წმინდა ბრძოლაში“ გამარჯვება უსურვა. ასევე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ავიაციისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი იცავს საერთაშორისო ვალდებულებებს, „არსებობს გარკვეული შეზღუდვები“.

„რუსეთი იცავს ამ შეზღუდვებს, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც საუბარი შეგვიძლია, განვიხილავთ და ვფიქრობთ. არსებობს გარკვეული პერსპექტივა. რუსეთი თვითკმარი ქვეყანაა, მაგრამ არსებული წესების ფარგლებში, შესაძლებლობებიც გვაქვს, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ და განვიხილავთ“, – განაცხადა პუტინმა.

გავრცელებული ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. პუტინის თქმით, ამ კუთხით რუსეთს ჩრდილოეთ კორეისთვის შესათავაზებელი საკითხები აქვს.

„ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ჩვენ გარკვეული შეგვიძლია შეთავაზებები. ჰუმანიტარულ დახმარებასაც ვუწევთ ქვეყანას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, კიმ ჩენ ინი ფხენიანში დაბრუნებამდე ვლადივასტოკის მონახულებას გეგმავს.