“მურუსიძის ავკარგიანობას განაპირობებდა ის, რომ წინა აღმასრულებელ ხელისუფლებას იღლიაში ჰქონდა ამოდებული ჰქონდა სასამართლო”

87
spot_img

ოპონენტების განმარტებები, რომ თურმე იგივე ადამიანებისგან შემდგარი სასამართლო ცუდი იყო წინა ხელისუფლების დროს და დღესაც ასეა, არის დიდი „ბლეფი“ – მურუსიძის ავკარგიანობას განაპირობებდა ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებას იღლიაში ჰქონდა ამოდებული მთელი სასამართლო ხელისუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ თუ წინა ხელისუფლების პირობებში ვინმე ზეწოლას ვერ უძლებდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯოხი მასზე უნდა გადატყდეს.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის ფუნქცია არის კონკრეტული სამართალდარღვევის გამოძიება და რეაგირება, კონკრეტული ფაქტები კი არ არსებობს, ხოლო კომისიის მხრიდან მოსამართლის გათავისუფლების ან პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მიუღებელია და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეწინააღმდეგება.

“ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული ინტერპრეტაციები, არგუმენტები, მოსაზრებები, მაგრამ ამას აზრი არ ექნება, თუ არ გვეცოდინება, რა არის მიზეზი (მოსამართლეთა დასანქცირების). კორუფცია საერთოდ არ არის კავშირში გირგვლიანის საქმესთან. თუ ზეწოლაზე გვაქვს საუბარი, ზეწოლის განმახორციელებელი ვინ იყო, გახსოვთ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება იმხანად. თუ ეს გვახსოვს, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ოპონენტების განმარტებები, რომ თურმე სასამართლო იგივე ადამიანებისგან შემდგარი ცუდი იყო წინა ხელისუფლების დროს და დღესაც ასეა, ეს არის დიდი ბლეფი – მურუსიძის ავკარგიანობას ძირითადად განაპირობებდა ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იყო ისეთი, რომ [მაპატიეთ გამოთქმისთვის, შეურაცხყოფისთვის არ ვიძახი] მთლიანად იღლიაში ჰქონდა ამოდებული მთელი სასამართლო ხელისუფლება, რის გამოც სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი, მთლიანად კონტროლდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. ეს ვითარება შეიცვალა 2012 წლიდან. როცა სასამართლოში ვინმე იმ ზეწოლას ვერ უძლებდა, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ხელისუფლებიდან, იმაზე ჯოხის გადატეხვას ნურავინ ეცდება. იმას თავის წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ამას სჭირდება რელევანტური შეფასება. ახლა ყველაზე მთავარი – საბედნიეროდ, საქართველოში აღარ არის სისტემა, რომლის დროსა პოლიტიკოსების სიმპათიაზე და ანტიპათიაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული კონკრეტული მოსამართლეების სასამართლოში ყოფნა – არყოფნა. კონსტიტუცია ბრძანებს, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და არაერთი ნორმა მიგანიშნებთ, რომ სასამართლოდან ადამიანების გათავისუფლება არ არის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა, ამიტომ როგორიც არ უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უნდა ხდებოდეს მათი გათავისუფლების მიზეზი.

კომისია რეგლამენტის თანახმად კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით იქნება და ასეთი დღემდე არ ვიცით. ის, რომ ვინმეს გვარზეა საუბარი არ არის ეს კონკრეტული შემთხვევა. რეაგირება და სამართალდარღვევის შესწავლა წარმოადგენს რეგლამენტის თანახმად კომისიის ფუნქციას. დავუშვათ მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი არ აქვს ან აქვს სამართალდარღვევას, კომისიამ თქვენი აზრით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომელიმე მოსამართლის გათავისუფლებაზე ან პასუხისმგებლობის შესახებ? – ეს იქნებოდა ხელისუფლების დანაწილების უხეში დარღვევა”, – განაცხადა სარჯველაძემ.