დაიბნა კობახიძე და ვეღარ აგნებს ბრიუსელის კარს?! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ევროკავშირში სახეზეა გაფართოების პოლიტიკური ნება, რაც შეეხება სკეპტიციზმს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამის მიზეზს საქართველოს ხელისუფლება არ იძლეოდეს.
„საქართველოს გადარჩენისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის ევროპას და ნატოს ალტერნატივა არ აქვს. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს რომ საბაბი იპოვოს, უკიდეგანოა „ქართული ოცნების“ ბოროტება, მავნებლობა. ნახავს გაუგებრობას და მაშინვე უნდა „ჩაავლოს“, ხავსია მათთვის ეს – აი, რა თქვა შარლ მიშელმა, პრესსპიკერმა, ფონ დერ ლაიენმა და დაიბნა ახლა კობახიძე, ვერ აგნებს ახლა ბრიუსელის კარს?! ჯერ იძახდნენ რეკომენდაციები შევასრულეთ, ბურთი ევროპის მხარეს არისო, მერე თქვეს, კი შევასრულეთ, მაგრამ კარგად ვერ გავიგეთ, რას გვთხოვთ და თავიდან გვითხარითო, ოროსანი ბავშვი რომ ამბობს, მასწავლებლის დავალება ვერ გავიგეთ, თორემ როგორ ვერ დავწერდითო. 9 რეკომენდაცია გვაქვს შესასრულებელი, რა ბუნდოვანებაზე ვსაუბრობთ?
დიდია ევროპა, მისი ინსტიტუციები განსხვავებული, მაგრამ ევროპის გაფართოების პოლიტიკური ნება სახეზეა. არავითარი გეოგრაფია და ომის გამოცხადების პირობები არ არსებობს საქართველოსთვის, ეს ყველაფერი რომ მავნებლობებია, სახეზეა. არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც მიზეზს ეძებენ, რომ გაფართოება არ იყოს, პრობლემური ქვეყნები (რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით) არ მიიღონ, მაგრამ ჩვენს მტრებს არ უნდა მივცეთ მიზეზი და მთავარი პრობლემა „ქართული ოცნებაა“, როცა 9 რეკომენდაცია შესრულებული არ არის. საბაბის ძებნა, რომ დაიბნენ და ბრიუსელს ვერ აგნებენ, არასწორი იქნება,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, ევროკომისია შარლ მიშელის 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე იდეას არ ეთანხმება. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტი ავრცელებს.
მისი თქმით, გაფართოებაზე განცხადებების გაკეთებისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან კონსულტაციები არ გაიარა. სპინანტის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია”.
„თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ ფოკუსირებული ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად“, – განაცხადა სპინანტმა.