თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, გვირაბის მიდებარედ, ფერდიდან ქვათაცვენის შესახებ განცხადებას ავრცელებს

110
spot_img

დღეს საღამოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარედ არსებული ფერდიდან მოხდა ქვათაცვენა, კონკრეტულ მონაკვეთზე მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის მონაკვეთზე, სადაც ქვათაცვენა მოხდა, მოძრაობა შეიზღუდება.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებობს პრობლემური მონაკვეთი, სადაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ქვათაცვენა.

ვინაიდან ფერდზე წლების წინ მოწყობილი ბადე ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობის თაობაზე.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. დილის 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ხდება ფერდის ჩამოწმენდა და ნაშალი მასის გატანა. ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შესაბამისი ბადის მოწყობა რომელიც ანკერების მეშვეობით ჩამაგრდება კლდის მყარ ქანებში.

სამუშაოების პროცესში გზის ერთი ზოლი გადაკეტილია.

გზა ასევე შეიზღუდება დღეს საღამოს დაფიქსირებული ქვათაცვენის ადგილზე, მოხდება სპეციალისტების მიერ ადგილის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.