„ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

70
spot_img

„ფაქტ-მეტრი“ საფუძველს მოკლებულს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ყალბ ციტატებს ე.წ. ფაქტების შემოწმების პროექტები არ გამოეხმაურნენ.

„ფაქტს-მეტრის“ შეფასებით, აღნიშნული განცხადება ფაქტების გადამოწმების ობიექტური საქმიანობის პოლიტიკურად მიკერძოებულად წარმოჩენას ცდილობს.

„ფაქტ-მეტრი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა: „განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორკესტრირებულად გამოქვეყნებული და გაზიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის – ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურის, ყალბი ციტატები, რომლის მიზანი მათ მიმართ მკითხველებში მტრული განწყობის გამოწვევა იყო“. მისივე თქმით, „არცერთ ამ ყალბ ციტატას არ გამოეხმაურა ე.წ. ფაქტების შემოწმების პროექტები, იქნება ეს „ფაქტჩეკი“ თუ „მითების დეტექტორი“ და მხოლოდ მას მერე, რაც ჩვენი მხრიდან მოხდა ამის მხილება, მხოლოდ ამის შემდეგ საკუთარ ვებგვერდზე ამხილეს ეს ყალბი ციტატები“.

აღნიშნული განცხადება საფუძველს მოკლებულია და ფაქტების გადამოწმების ობიექტური საქმიანობის პოლიტიკურად მიკერძოებულად წარმოჩენას ცდილობს.

შალვა პაპუაშვილის მსგავსად, „ფაქტ-მეტრის“ წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ბრალდებებს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ფეისბუქ-გვერდიც ხშირად ავრცელებს ხოლმე, რომელიც ფაქტების გადამოწმების პლატფორმად პოზიციონირებას ცდილობს. როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერების, ასევე აღნიშნული გვერდის მხრიდან ისმის ყალბი ბრალდებები, თითქოს „ფაქტ-მეტრი“ცალკეულ ინფორმაციას მიზანმიმართულად არ ამოწმებს, ან მხოლოდ მას შემდეგ ამოწმებს, რაც საჯაროდ მიგვითითებენ.

ამგვარი შემთხვევები აჩვენებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ ზემოაღნიშნული გვერდის მიზანი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არაა. ასე რომ იყოს, მათთვის პრიორიტეტული ჩვენთან თანამშრომლობა და სავარაუდოდ დეზინფორმაციული ბმულების ჩვენთვის გაზიარება იქნებოდა. „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესებული მკითხველისთვის განმარტავს, რომ ფაქტებზე დაფუძნებული ობიექტური ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება ჩვენი მთავარი მიზანია და მიმდინარე ტრაგედიის შესახებ „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებული მასალები შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე იხილოთ. ეს მასალები, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ყალბ ამბებსაც ამხელს. ჩვენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“,- აღნიშნულია „ფაქტ-მეტრის“ განცხადებაში.