“საზოგადოებრივი უსაფრთხოების უკეთ უზრუნველსაყოფად ტექნიკური გადაწყვეტილებები უდავოდ მისაღებია”

486
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

ამ დიდი ტრაგედიიდან სერიოზული დასკვნებია გამოსატანი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების უკეთ უზრუნველსაყოფად ტექნიკური გადაწყვეტილებები უდავოდ მისაღებია, რასაც ჯერ სერიოზული ანალიზი და გეგმის შემუშავება სჭირდება; მაგრამ, რაც არის გასაკეთებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ორგანიზაციული კუთხით, ეს ამ უბედურებამდეც ისედაც ზედაპირზე იყო და ტრაგედიამ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა, მეტად აქტუალურიც გახადა.

უწინარეს ყოვლისა – აშკარაა, რომ დეზინფრომაციული პარტიული პროპაგანდა, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს – ვითარებას ამძიმებს და საფრთხე კრიტიკული შეიძლება გახადოს. ამ მიმართულებით უალტერნატივოდ მოჩანს საზოგადოებრივად მაღალი მნიშვნელობისა და მომეტებული რისკების მოვლენათა მედია-გაშუქებისათვის საერთაშორისოდ კარგად აპრობირებული მეთოდის – აკრედიტებული ჟურნალისტიკის გამოყენება. განსაკუთრებით, ისეთი სპეციალური ღონისძიებების, როგორებიცაა მაგ. სამაშველო ანდა პოლიციური ოპერაციები, გაშუქება უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული მედია და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით. ამ შემთხვევაში ასეთი სტანდარტები უსაფრთხოების მიზნითაა აუცილებელი და უნდა დგინდებოდეს აკრედიტაციის პირობებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ავიცილებთ რისკს, რომ შეგნებულად ანდა უნებლიედ არ მოხდეს ამ ოპერაციებისათვის ხელის შეშლა, სულაც – მათი საბოტირება, თუნდაც დისკრედიტაციის გზით. ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ რაიმე დამატებით არგუმენტაციას არ საჭიროებს. ცხადია, როცა საქმე მომეტებულ რისკს ეხება და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება თავაშვებულობად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოიყურებოდეს. ისეთი თავაშვებულობა, რის უფლებასაც თავს აძლევენ ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიები, რომლებიც სინამდვილეში პარტიული დეზინფორმაციული პროპაგანდის იარაღები არიან და დაუფარავად ეწევიან საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომს, ყოვლად შეუწყნარებელია და ვერც ერთი შემდგარი საზოგადოება თუ სუვერენული სახელმწიფო ამას ვერ დაუშვებს!

სპეციალური ოპერაციების გასაშუქებლად უნდა დაიშვებოდნენ მხოლოდ აკრედიტირებული მედია საშუალებები. ხოლო ასეთი ოპერაციების თაობაზე ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გავრცელებისათვის აკრედიტაციის წესებით უნდა დადგინდეს პირობები, რაც ობიექტურობის მაღალ მედია და პროფესიულ ჟურნალისტურ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ამ წესების და სტანდარტის დარღვევაა დაუყოვნებლივ უნდა იწვევდეს აკრედიტაციის გაუქმებას და შესაბამისად, მსგავსი მოვლენების გაშუქების შეზღუდვას, ყოველ შემთხვევაში – ადგილებიდან ონ-ლაინ რეპორტაჟის, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის, არასწორი ინტერპრეტაციით გადაიცემა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას წარმოადგენს, დაუყოვნებლივ აკრძალვას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში – მაუწყებლის ლიცენზიის შეჩერებას.

ასევე, აუცილებელია საგნობრივი მსჯელობის დაწყება, რათა საკანონმდებლო წესით ერთი-მეორისგან გაიმიჯნოს ობიექტური, პროფესიული ჟურნალისტიკა და პოლიტიკური მედია-პროპაგანდა. მაუწყებლობის შესახებ კანონში უნდა გადაისინჯოს “ფეიკ-ნორმა”, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს უკრძალავს საკუთარი მედია-მაუწყებლობის ქონას. ეს ნორმა თვალთმაქცურია, ცრუა, “ფეიკია”, რადგან რეალურად, ყველა მეტ-ნაკლებად ძლიერ პარტიას თავისი მედია-საშუალება აქვს. რაც ყველამ შესანიშნავად ვიცით. პარტიული ტელევიზიები ოფიციალურადაც უნდა იქნას დაშვებული, ოღონდ ერთი სავალდებულო პირობით: ზოგადი მაუწყებლობის ლიცენზია უნდა გამორიცხავდეს პარტიულ პროპაგანდას, რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის პირდაპირ რეკლამას, მის სასარგებლოდ ან საზიანოდ ფაქტობრივი რეალობის გარდა რაიმე სხვა აზრის, თუკი ასევე არ გადაიცემა საპირისპირო აზრი, ცალმხრივ გავრცელებას. ვისაც სურს, დაე, გააჩნდეს საკუთარი მედია, ოღონდ კეთილი ინებოს და ეს გამჭვირვალედ, ღიად განაცხადოს და მიიღოს პარტიული მაუწყებლობის ცალკე, სპეციალური ლიცენზია. დეზინფორმაციაზე, ფეიკზე, ცილისწამებაზე კი, თუკი ეს გავრცელდება, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შესაბამის პარტიასაც. ასევე, ეს პარტიული ტელევიზია უნდა მიიჩნეოდეს პარტიულ ორგანოდ, მის სტრუქტურულ ერთეულად. მისი დაფინანსება -პარტიის პირდაპირ ხარჯად, რაც პარტიების შესახებ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. აქ, პარტიული მედიის ლიცენზირების დეტალებზე უდავოდ სამსჯელოა.

მაგრამ:
მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის და მომეტებული საფრთხეების მქონე მოვლენების გაშუქებისას აკრედიტებულ ჟურნალისტიკას, თუკი გვსურს ცივილიზებულ ხალხად და სახელმწიფოდ მივიჩნეოდეთ, ალტერნატივა არა აქვს!