ჩინეთში, ტაიფუნ „დოქსურის“ გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

117
spot_img

ფილიპინებსა და ტაივანში ნგრევის გამოწვევის შემდეგ, ტაიფუნმა „დოქსურმა” ჩინეთის დედაქალაქს გადაუარა.

სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ს ცნობით, პეკინში საცხოვრებელი სახლები მაღალი რისკის ზონებში მცხოვრებმა 31 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. კიდევ 20 000 მოქალაქის ევაკუაცია კი მეზობელი ჰებეის პროვინციის დედაქალაქიდან განხორციელდა.

ხელისუფლებამ დედაქალაქისა და მიმდებარე რაიონების მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობის, მეწყერისა და ღვარცოფის შესახებ გააფრთხილა.

ამ დროისთვის ჩინეთში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ შემცირებული ინტენსივობის მიუხედავად ტაიფუნ „დოქსურისგან” მოსალოდნელი საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ძლიერი ტაიფუნი „დოქსური“ რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. სტიქიური უბედურების გამო ტაივანში სკოლები დროებით დაიხურა და ავიარეისები გაუქმდა. „დოქსურმა“ ჩრდილოეთ ფილიპინების სანაპირო ზოლსაც გადაუარა და ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.