„როდესაც ჩვენ ფაქტები გადმოვალაგეთ და ვუთხარით საზოგადოებას ფაქტები, ზუსტად ერთ თვეში ისე გადატყდა ვითარება, რომ ყველგან, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც ჩავდიოდით, გვხვდებოდა მოსახლეობა, გვხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ნათქვამს ჩვენვე გვეუბნებოდნენ“, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მოძრაობის ერთი წლის საქმიანობა.
სუბარის თქმით, „ხალხის ძალამ“ შეძლო, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაწყებულიყო და პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში სრულიად შეცვალა.
„2022 წლის ივნისში სამმა დეპუტატმა დავტოვეთ საპარლამენტო უმრავლესობა იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად გვეთქვა ჩვენი საზოგადოებისთვის სიმართლე იმ საფრთხეების შესახებ, რაც არსებობდა საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ხოლო 28 ივლისს უკვე ჩვენი მოძრაობა გაფართოვდა და მაშინ გამოვაცხადეთ პირველად, რომ იქმნებოდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“. ერთი წლის თავზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მართლა საქართველოში არის აბსოლუტურად შეცვლილი პოლიტიკური ვითარება და ამაში „ხალხის ძალას“ მიუძღვის გადამწყვეტი როლი. პირველ რიგში იმაში, რომ ჩვენ შევძელით აგვეცილებინა საქართველოსთვის ომის საფრთხე, რადგანაც ინფორმირებული საზოგადოებით მანიპულირება არის ძალიან ძნელი და შეიძლება, შეუძლებელიც კი.
ჩვენ ძალიან ხშირად ვცხოვრობდით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი ნარატივით, ვაგრძელებდით ამ ნარატივს, რაც ხშირ შემთხვევაში, ნიშნავდა იმას, რომ თუკი დასავლეთიდან მოდის ჩვენთვის არასასიამოვნო და მიუღებელი ნარატივი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ხმა არ უნდა ამოვიღოთ, საზოგადოებას არ უნდა ვუთხრათ სიმართლე და ჩუმად უნდა აღვუდგეთ ამ ნარატივს და ზეწოლას ხელისუფლებაზე, თუმცა ზოგჯერ ამის გაკეთება შეუძლებელი ხდება. განსაკუთრებით, როდესაც ცდილობენ, საზოგადოებას აღქმები მოახვიონ თავს ფაქტების ნაცვლად. როდესაც ჩვენ ფაქტები გადმოვალაგეთ და ვუთხარით საზოგადოებას ფაქტები, ზუსტად ერთ თვეში ისე გადატყდა ვითარება, რომ ყველგან, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც ჩავდიოდით, გვხვდებოდა მოსახლეობა, გვხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ნათქვამს ჩვენვე გვეუბნებოდნენ.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად პოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეცვლილი – „დაუძინებელი მეგობრები“ (ასე ვიყენებთ ხოლმე ამ ტერმინს), რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ საქართველოს ომში ჩართვისთვის, დღეს ხშირად, თავის მართლების რეჟიმში არიან ჩაყენებულნი და მათი თავის მართლება იმდენად უსუსურია, რომ საზოგადოება ამას უკვე აღარ იჯერებს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ „ხალხის ძალამ“ შეძლო, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მართლა ახალი ისტორიული ეტაპი დაწყებულიყო, როდესაც ხალხის მონაწილეობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში გაცილებით გაზრდილია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.