“ამ დღეებში დაეწყობიან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები და ყველა ერთხმად გაილაშქრებს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინააღმდეგ”

77
spot_img

ჩვენ რომ უარი არ გვეთქვა იმ ინვესტიციებზე, რომლებზეც ხშირად ჩვენი პარტნიორების ხათრით ვამბობდით უარს, დღეს საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა არა 80 მილიარდი, არამედ მინიმუმ 1.5-ჯერ და შეიძლება, 2-ჯერ მეტიც”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა.

სუბარის შეფასებით, ახლა არის ის ისტორიული შანსი, რომელსაც სჭირდება გამოყენება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღეს, როდესაც იქმნება ახალი მსოფლიო დღის წესრიგი, ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქამდეც, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე საერთო გადალაგებისა და არეულობის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა სწორედ სი ძინპინის პირადი მოწვევით და უახლოეს მომავალში გაფორმდება სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ამანაც გამოიწვია „შეშფოთება”, რომელიც გარკვეულწილად აგენტურის დაკვეთაა და მეტი არაფერი.

ჩინეთი დღეს არის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე, მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, რომელიც ძალიან მალე გახდება მსოფლიოს პირველი ეკონომიკა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ტემპებით თუ განვითარდება. მისი ეკონომიკა უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთად აღებული ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა. მაგრამ 15 წლის წინ საერთოდ სახსენებელიც კი არ იყო ჩინეთის ეკონომიკა თავისი მოცულობითა და მასშტაბებით ევროკავშირის, ან აშშ-ის ეკონომიკასთან შედარებით. დღეს ამ ახალ რეალობაში, როდესაც მრავალპოლარული სამყაროსკენ მიდის ყველაფერი, ჩინეთის როლი არის უმნიშვნელოვანესი. დაახლოებით ერთი თვის წინ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის პრეზიდენტი იყო შეკრებილი. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს მოეწერა ხელი და დღეს საქართველო არის ამ სარტყლის გაგრძელება – ჩინეთი, ცენტრალური აზია და შემდეგ – საქართველო – ეს არის მართლა ერთი გზა და ერთი სარტყლის კონცეფციის მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავხდეთ.

ქართველებს ხშირად წარმოგვიდგენია ხოლმე, რომ ჩვენ ვართ სამყაროს ჭიპი და ამის იქით გზა აღარსად გადის. მილიონი გზა გადის ჩვენთვის გვერდის ავლით და შეიძლება, წმინდა ლოჯისტიკურად ეს გზები უფრო მოხერხებულიც იყოს. ჩვენ თუ არ გამოვიყენეთ ახლა ის შესაძლებლობა, რაც პოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა, ისე გაიკვალება ეს გზები ჩვენი გვერდის ავლით, რომ დავრჩებით განზე და მოვექცევით ჩიხში. ვერც შავი ზღვა გვიშველის და ვერც ნავთობსადენები, თუ გაზსადენები, რომლებიც გადის საქართველოზე. ახლა არის ის ისტორიული შანსი, რომელსაც სჭირდება გამოყენება“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ჩინეთი დღეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა და საქართველოსთვის ჩიენთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ჩინეთი არ არის მხოლოდ ეკონომიკური სუპერ „დერჟავა“. დღეს ის არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე. აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად ჩინეთი არის ამ დიდ სამეულში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოთამაშე და მისი მხარდაჭერა საქართველოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ახლო, თუ შორეულ მომავალში. მისი გავლენა არის უაღრესად დიდი როგორც მსოფლიო პოლიტიკაზე, ისე რუსეთზე და ამ ფონზე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა”, – აცხადებს სუბარი.

მისივე თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ, უკვე გამოიწვია ერთგვარი წინააღმდეგობა ქართულ ოპოზიციაში.

„პირველი, ვინც გამოვარდა, გახარიას, ყოფილი პრემიერის პარტია იყო და დარწმუნებულნი იყავით, რომ ამ დღეებში დაეწყობიან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები და ყველა ერთხმად გაილაშქრებს ჩინეთთან ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინააღმდეგ. რატომ? – იმიტომ, რომ ისინიც იღებენ შეკვეთებს იმავე ცენტრიდან, რომელზეც ვსაუბრობთ.

ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობდით ჩვენი დასავლელი პარტნიორების ბევრ მოთხოვნას. ზოგ შემთხვევაში ეს მოთხოვნები არ იყო საქართველოს სასარგებლოდ, პირიქით, ზოგჯერ საზიანოც კი იყო. თუნდაც ის, რომ უარს ვამბობდით ინვესტიციებზე ვთქვათ, ჩინეთიდან, არაბული სამყაროდან, აღარაფერს ვამბობ რუსულ და ირანულ ინვესტიციებზე. ასე უბრალოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე უარს ვამბობდით იმიტომ, რომ არ სიამოვნებდათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს.

აშშ-სთან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში, რომელსაც 2009 წლის აპრილში მოეწერა ხელი, საუბარია ორმხრივ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე, სამხედრო და საგანმანათლებლო სფეროებში დახმარებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ ამერიკული ინვესტიციები ძალიან ცოტა ვნახეთ საქართველოში. ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც ჩაიდო, იყო „თელასი”, რომელიც შემდეგ მიიყიდა რუსულ სახელმწიფო კომპანია „რაოზე” და ეს ამერიკული კომპანიაც გავიდა საქართველოდან.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც არის თუნდაც განათლების, ან თავდაცვის სფეროში. თავდაცვის სფეროში საუბარია ყოველწლიურად დაახლოებით 35-40 მილიონი დოლარის დახმარებაზე. მეორე მხრივ, ჩვენც ასევე შევისყიდით ამერიკულ შეიარაღებას, რომელშიც საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯება საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობის თანხა. დაახლოებით ორნახევარი მილიარდი ლარი დახარჯა საქართველომ აშშ-ის თხოვნით, იმ საერთაშორისო მისიებში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ასე რომ ვალში ამ ნაწილშიც არ ვართ. ერთი რამის თქმა მინდა, ამიტომაც ჩამოვთვალე ეს ციფრები: მიუხედავად იმისა, რომ მადლობელნი ვართ ამ დახმარებისა იმ სფეროში, რაშიც გვიწევს, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ენჯეოების დაფინანსებასა და რევოლუციის დაგეგმვას.

ჩვენ რომ უარი არ გვეთქვა იმ ინვესტიციებზე, რომლებზეც ხშირად ჩვენი პარტნიორების ხათრით ვამბობდით უარს, დღეს საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა არა 80 მილიარდი, რომელსაც წლის ბოლოს ველოდებით, არამედ მინიმუმ 1.5-ჯერ და შეიძლება, 2-ჯერ მეტიც. 120, ან 160 მილიარდი რომ ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკა დღეს, პენსია, ხელფასები საჯარო სამსახურებში და თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება იქნებოდა მინიმუმ 2-ჯერ მეტი, ბიუჯეტი იქნებოდა არა 21 მილიარდი, არამედ 30 მილიარდი და შეიძლება, მეტიც და ეს არის ის ფული, რომელიც ჩვენ დაგვაკლდა. სამუშაო ადგილების პრობლემაც საერთოდ აღმოფხვრილი იქნებოდა და იმ სამუშაო ადგილებზეც ხელფასი იქნებოდა ბევრად მეტი, ვიდრე ახლა. ეს არის რეალურად ის რიცხვები, რომლებზეც ვსაუბრობ და რომელთა ზარალიც რეალურად განვიცადეთ. ამ ფონზე ამ პრიზმაში რომ დავინახავთ იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახლა იწყება ჩინეთთან, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს ისტორიაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: უახლოესი 1-2 კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მთავრდება სატელევიზიო სეზონები, ჩვენ დავინახავთ, როგორ გამოვა ოპოზიცია ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ და ესეც იქნება დაკვეთა!” – განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც “ხალხის ძალა” ავრცელებს.