„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მთავარ მტრად ახალგაზრდები გამოაცხადა” – გიორგი ვაშაძე

63
spot_img

არ არსებობს განვითარებული და წარმატებული სახელმწიფო, თუ ახალგაზრდა არ არის ამ სახელმწიფოს პრიორიტეტი, თუ მისი განათლება, ცოდნა, მისი დასაქმება, მისი წინსვლა არ არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დმანისში, “გამარჯვების პლატფორმის” ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მთავარ მტრად ახალგაზრდები გამოაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილ – კობახიძე – ღარიბაშვილის რუსულმა დაჯგუფებამ, ქვეყნის მთავარ მტრად ახალგაზრდები გამოაცხადა. რატომ? იმიტომ, რომ, როცა ქვეყანა რუსეთისკენ მიგყავს და ხედავ, რომ ყველა კვლევით ახალგაზრდების 99% მხარს ევროინტეგრაციას უჭერს, რა თქმა უნდა, გინდა, რომ მტრად გამოაცხადო ის ადამიანები, ვინც შეიძლება შეგეწინააღმდეგოს ამაში. ჩვენ ვნახეთ 7-8 მარტს ახალგაზრდების ძალიან დიდი ბრძოლა და აქტივობა. ვნახეთ 20 ივნისს ახალგაზრდების დიდი ბრძოლა და აქტივობა და ვნახეთ ქართველი ახალგაზრდა პატრიოტები, რომელთაც ვერასდროს რუსეთს ვერ შეაჩეჩებ. 2022 წელი უნდა გამოცხადდეს დემოგრაფიული კატასტროფის წლად. 125 ათასი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და შობადობა 42 ათასზე ჩამოვიდა, ისტორიულ მინიმუმზე, 49 ათასი გვქონდა გარდაცვალების მაჩვენებელი. 125 ათას ემიგრანტში 50 ათასზე მეტი არის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, ესენი არიან სტუდენტები, სასკოლო ასაკის ადამიანები, მე-11-მე-12 კლასიდან მიდის ხალხი ევროპაში, ყველა პირობას ქმნის რუსული დაჯგუფება ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ახალგაზრდას არ ჰქონდეს გასაქანი ამ ქვეყანაში. ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ ახალგაზრდა ადამიანები ქვეყნიდან გაიქცნენ, რომ ევროპული განვითარების ფორპოსტი, რომელიც არის ახალგაზრდა თაობა, ამოიძირკვოს ქვეყანაში და ქვეყანა შეატრიალონ რუსეთისკენ. რუსების მასობრივი შემოდინებით 200%-ით გაიზარდა საცხოვრებლის ფასი, სტუდენტები დარჩნენ ქუჩაში და ძალიან ბევრს მოუწია სწავლისთვის თავის დანებება, ბევრი წავიდა რაიონში ან წავიდა უცხოეთში. ჩვენი ინიციატივაა, ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ვისაც კარგი აკადემიური მოსწრება აქვს, დაუფინანსდეს სწავლა და აღუდგეს სტატუსი; ყველა ახალგაზრდას, ვისაც უნდა ცოდნა მიიღოს, მას არ უნდა ჰქონდეს სადარდებელი საცხოვრებელი და ჩვენ უნდა დავიწყოთ სტაჟირების ანაზღაურებადი პროგრამა, როგორც საჯარო, ასევე კერძო კომპანიებში, რაც იმ გამოცდილებას მისცემს ახალგაზრდებს, რომ გასაუბრებაზე როცა მივლენ, მათ აღარ ეტყვიან, გამოცდილების გარეშე ხარ და ვერ აგიყვანთ სამსახურშიო. ახალგაზრდა უნდა იყოს ყოველთვის სახელმწიფოს საზრუნავი“, – განაცხადა ვაშაძემ.