“მოხარული ვარ, რომ საქართველო ევროკომისიის ვალდებულებებს ასრულებს”- ხორვატიის პრემიერ-მინისტრი

45
spot_img

ხორვატია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების ძალისხმევის, ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების ამბიციის მიმართულებით, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი და აღნიშნა, რომ ხორვატია მხარს უჭერს ამ მისწრაფებებს.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ხორვატიის რესპუბლიკაში ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი. მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ ერთმანეთის დამოუკიდებლობა და მადლობას ვუხდი მას ვიზიტისთვის. დღეს საუბარი გვქონდა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმ ამბიციებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და ასევე, შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას. საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს.

გასულ წელს ევროპულ საბჭოში გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა კანდიდატის სტატუსის მქონენი არიან, ხოლო საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს ევროკომისიის დასკვნაშია გაწერილი. მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს. იმედი მაქვს, განვიხილავთ ამ საკითხებს სამივე ქვეყანასთან მიმართებით, საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახავთ პროგრესს ინსტიტუციურად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა.

რაც შეეხება საქართველოს ამბიციას ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრძანდებოდა სამიტზე და გააჟღერა გზავნილები. საქართველოს ამჟამად ორი ოკუპირებული ტერიტორია გააჩნია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით, რომლებიც რუსეთის მხრიდან არიან ოკუპირებული. ფორმალურად, რუსეთმა მოახდინა ანექსია, ჩვენ ამას გაყინულ კონფლიქტს ვუწოდებთ. ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკის რეგიონები მსგავსი გამოწვევის წინაშე დადგნენ. ამ მხრივ, პოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოში ძალიან მომთხოვნი და სენსიტიურია. პრინციპში, სამხრეთ ოსეთის ნაწილიდან თბილისამდე არსებობს ადმინისტრაციული საზღვარი და დედაქალაქიდან 40 წუთის სავალზეა. მას შემდეგ, რაც თბილისში იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, გადაწყდა, რომ ხორვატია და საქართველო გავაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ძალიან ახლოს ვართ, უნდა გაუმჯობესდეს დინამიკაც, ეკონომიკური ურთიერთობებიც.

ასევე, მივესალმებით ხორვატიის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა კომპანიის ჩართულობას. კომპანიები ფუნქციონიერებენ საქართველოს ბაზარზე თავიანთი პროექტებით და გვინდა, ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში. ასევე, ველოდებით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით. ევროპული ინტეგრაციის კვალობაზე, ბევრჯერ მიგვიღია მონაწილეობა ტექნიკურ პროექტებზე, გვითანამშრომლია დაძმობილების პროექტების ფარგლებში, ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობას მივამაგრეთ ევროკავშირის პროექტების ფარგლებში. ასევე, საქართველოდან გვყოლია ექსპერტები, რომლებიც ხორვატიაში ჩამობრძანდნენ და ნახეს, რა არის ჩვენი გამოცდილება. ჩვენი გამოცდილება ძალიან ახალია და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ევროდირექტივების გადმოტანა ქვეყნის კანონმდებლობაში“, – განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

​მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ხორვატიაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ აცნობა.

„ვესაუბრე ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ. ჩვენი მშპ 66 მილიარდი დოლარია, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 22 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ გავზარდეთ ტურისტული, ეკონომიკური მაჩვენებლები და გარდაქმნა, რომელიც ვიქონიეთ ევროზონის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ევროზონისა და შენგენის სივრცის წევრი. ეს არის ის სამიზნეები, რომლებიც შესრულდა წელს. ხორვატია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების ძალისხმევის, ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების ამბიციის მიმართულებით. ჩვენ გამოვიყენებთ ამ ვიზიტს, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ძალიან მიხარია იმის თქმა, რომ დღეს ზაგრებში გავხსნით ხორვატიაში საქართველოს საელჩოს. დიდ მადლობას მოგახსენებთ, პრემიერ-მინისტრო, ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინისა და შავი ზღვის მიმართულებით, თქვენი დისკუსია ძალიან ქმედითი იყო დღეს“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.