ეს არ იქნება მხოლოდ პარტიათა გაერთიანება, ეს არის ზეპარტიული პლატფორმა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ერთ მხარეს „მოღალატეთა დაჯგუფებაა“ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ხოლო მეორე მხარეს, „გამარჯვების პლატფორმაში“ გულანთებული, სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტები ერთიანდებიან.
„გამარჯვების პლატფორმა არ იქნება მხოლოდ პარტიათა გაერთიანება. უფრო მეტიც, ეს არის ზეპარტიული პლატფორმა, რომლის მიზანიც არის ყველა პატრიოტი, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის მოძრაობაში.
სწორედ ამიტომ, ვინც მხარს უჭერთ ერთიანი, ძლიერი და რეგიონის ლიდერი საქართველოს იდეას და არ აპირებთ შეეგუოთ საქართველოს რუსულ ჭაობში ჩატოვებას, ვისაც გწამთ, რომ საქართველოს გაერთიანებისა და დეოკუპაციის გასაღები ევროკავშირსა და ნატოშია. გავერთიანდეთ საქართველოს გამარჯვების ამ ახალ პლატფორმაში.
იქეთ არის რუსეთთან შეკრული მოღალატეთა დაჯგუფება ივანიშვილის თაოსნობით, რომელთაც სამშობლოს – პირადი კეთილდღეობა და ფუფუნება ამჯობინეს, აქეთ კი, გამარჯვების პლატფორმაზე ვიკრიბებით გულანთებული, სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტები, ვისაც გვწამს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და რეგიონის ლიდერი ქვეყანა, რომელიც სულ მალე გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი. ეს კი გარანტირებულ მშვიდობას და კეთილდღეობას ნიშნავს.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ძალა და სამშობლოს სიყვარული. ღმერთი ჩვენკენ. საქართველო გაიმარჯვებს!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.