ვლაქერნობა სამეგრელოსთვის განსაკუთრებული დღესასწაული იყო. მას, როგორც საერთო-სახალხო დღესასწაულს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი. გასული საუკუნის დასაწყისში (1909-1915), როცა რუსმა ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ–გორსკიმ საქართველოში იმოგზაურა, ფირზე ვლაქერნობის დღესასწაულიც აღბეჭდა. ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი ხალხი ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოშია შეკრებილი. როგორც ჩანს, ქრისტიანული სიწმინდეების სანახავად მართლმადიდებელი მორწმუნეები სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ. ისინი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატზე ლოცულობდნენ, რომელსაც მორწმუნეები სასწაულმოქმედად მიიჩნევდნენ. ვლაქერნის ხატის შენახვა გრიგოლ დადიანმა მიანდო სიმამრს, საქართველოს უკანასკნელ მეფეს, გიორგი მე-13-ს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ხატი მიისაკუთრა შვილმა დავით ბატონიშვილმა და რუსეთში წააბრძანა. მისი საქართველოში დაბრუნება ოდიშის სამთავროს დედოფალმა ნინო ბაგრატიონმა შეძლო. მან 1804 წელს პეტერბურგში გაგზავნა დეპუტაცია, რომელთაც დაავალა გამოეთხოვათ ხატი. იმპერატორს უარი არ უთქვამს, ხატი სარტყლითურთ ძვირფასი თვლებით შეამკობინა და დაუბრუნა სამეგრელოს. 1806 წ. დეპუტაციამ ხატთან ერთად ჩამოიტანა “ორიათასი ოქრო,” რათა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელზე ზუგდიდში მთავართა სასახლის სიახლოვეს ეკლესია აეშენებინათ. ხატი 1919 წლამდე ზუგდიდში ყოფილა. ექვთიმე თაყაიშვილი წერს, რომ სამეგრელოში ყოფნისას დადიანების ეკლესიაში მან ვერ ნახა ვლაქერნის ხატი თავის სასწაულმოქმედ სარტყელთან ერთად, რადგან როგორც აუხსნეს, ეს უდიდესი სიწმინდეები ნიკო მენგრელსკის თავის სასახლეში გადაუტანია. 1919 წელს, როცა ექვთიმე თაყაიშვილი მეორედ ჩამოვიდა სამეგრელოში, დადიანების სასახლის მოურავმა ვლადიმერ ალშიბაიამ მას გადასცა ხატი და გამოატანა თბილისში.
საბჭოთა ოკუპაციის დროს, როცა ექვთიმემ მუზეუმების საგანძური, ოქრო-ვერცხლის ხატები, ხელნაწერები, ფერწერული ტილოები გადასარჩენად ემიგრაციაში წაიღო, იმ 39 ყუთს შორის დადიანების განძი და ვლაქერნის ხატიც იყო. საგანძურის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ვლაქერნის ხატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. სწორედ ამ ხატს უკავშირდება დადიანების სასახლის კარის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიის აშენებაც. ის ნინო ბაგრატიონის სიცოცხლეში ვერ მოესწრო, და 1825-1830 წლებში ოდიშის მთავარმა ლევან გრიგოლის ძე დადიანმა ააგო.
ვლაქერნის ტაძრის ისტორიისათვის საინტერესო ცნობებს გვაწვდის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული საეკლესიო საბუთები, რომლებიც ინახება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში. ქორწინებისა და ნათლობის მოწმობების მიხედვით, 1854-1900 წლებში ვლაქერნის ტაძარში მღვდელმსახურებად ჩანან: 1. დეკანოზი მიხეილ მეუნარგია. 2. მღვდელი თევდორე ხოშტარია 3. მღვდელი ეგნატე ჯიქია 4. მღვდელი მიხეილ ჯიქია 5. მღვდელი დავით მოლაშხია 6. პრიჩეტნიკი იოანე თოდუა 7. პრიჩეტნიკი სოლომონ გეთია_8. პრიჩეტნიკი პლატონ ჯიქია 9. პრიჩეტნიკი ნესტორ პავლეს ძე ჩიხლაძე 10. პრიჩეტნიკი ლავრენტი ლაზარეს ძე ხოშტარია. ეკლესია 1923 წელს ბოლშევიკებმა დახურეს.
წირვა-ლოცვა აკრძალულ ტაძარში ხან თოჯინების თეატრი იყო მოწყობილი, ხან სამხატვრო სახელოსნო. ერთი პერიოდი ეკლესიაში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპოზიციაც გამოფინეს. საეკლესიო მსახურება აქ 1990 წელს განახლდა და ვლაქერნობის დღესასწაულიც ამ დროს, პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა. მას შემდეგ, ყოველ 15 ივლისს, დადიანების მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი ტაძარში გადააქვთ და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში ეძლევათ შესაძლებლობა ემთხვიონ. “ღვთისმშობლის სამოსელი სელისგან არის შეკერილი. ის ყვავილებით ყოფილა იყო მოჩითული, მაგრამ დროთა განმავლობაში ყვავილები გაიცრიცა. სამოსელი ზომა არის 180-150 ზე. ის დაკეცილად თავსდებოდა ყუთში – კიოტში, რომელიც მისთვის ლევან მეორე დადიანმა დაამზადებინა. ყუთს აქვს წარწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ის დაუმზადებია მეუღლის სულის საოხად 1640 წელს. ამ პატარა ყუთში ღვთისმშობლის კვართი დაკეცილად ინახებოდა. ლაშქრობებში ან სხვაგან, სადაც მიდიოდა, სამოსელი ამ ყუთით თან მიჰქონდა. ვლაქერნობის დღესასწაულზე როცა კვართის გამობრძანება ხდება, ის შუშის ვიტრინაში თავსდება “, – გვიყვება მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია.
კვართი საბჭოთა ხელისუფლების დროს მუზეუმის სეიფში ინახებოდა. მისი ნახვა მხოლოდ 90-იანი წლებიდან გახდა შესაძლებელი.