“ამერიკა სრულმასშტაბიანი კონსტიტუციური კრიზისის პირისპირ დგას” – დავით ზარდიაშვილი

65
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

 

რასაკვირველია, ტრამპისათვის ბრალის წაყენებამ კიდევ უფრო გაზარდა აშშ-სა და მთელს მსოფლიოში ისედაც კრიტიკულზე მაღალი ტურბულენტობის ხარისხი. ამ საქმეში ტრამპის კეთილსინდისიერება, ცხადია – სადავოა. მაგრამ დემოკრატიული პარტიისა და სოროსის თანამზრახველი პროკურორის წრეგადასული უსინდისობა – არავითარ ეჭვს არ იწვევს. ამერიკა დგას სრულმასშტაბიანი კონსტიტუციური კრიზისის პირისპირ.

 

ფლორიდის გუბერნატორი დესანტისი, რომელიც ტრამპის კონკურენტია პრეზიდენტობის კანდიდატობაზე რესპუბლიკური პარტიიდან, უარს აცხადებდა ნიუ-იორკის პროკურორის მოთხოვნის შესრულებაზე, რომ ფლორიდის შტატს გადაეცა ბრალდებული ტრამპი. ტრამპი თავისი ნებით ჩავიდა ნიუ-იორკში, თორემ შეეძლო დესანტისის მიერ გამოცხადებული ფლორიდის შტატის მფარველობითაც ესარგებლა. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უფრო ხელსაყრელად მიიჩნია მისთვის ბრალის წაყენების პროცედურა პოლიტიკური დაპირისპირებისას სასარგებლოდ გამოეყენებინა.  მაგრამ თავისთავად – მდგომარეობა კრიზისულია, რადგან შტატი უარს აცხადებს ბრალდებულის გადაცემაზე, როცა ყველა ფორმალობა სრულად დაცულია – ასეთი რამ აშშ-ში სამოქალაქო ომის შემდეგ არავის ახსოვს! მართლმსაჯულების აღსრულებას, როცა ეს პროცესი აშკარად პოლიტიკურადაა მოტივირებული და ანრევს მის მიმართ ნდობას, შესაძლოა მოჰყვეს ფედერალურ და შტატების ხელისუფლებებს, ისევე, როგორც სხვადასხვა, “წითელი” და “ლურჯი” შტატების ერთი-მეორეში იმ რანგის დაპირისპირება, რისი გადაწყვეტაც მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში თითქმის წარმოუდგენელი ხდება. ვითარება უკიდურესად კრიზისულია: დემოკრატები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი სამართალდამცველები ტრამპს უპირებენ გასამართლებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ისევე, როგორც პირიქით: რესპუბლიკური განწყობის პროკურორები თუ მოსამართლეები არანაკლებ იმუქრებიან, რომ ამხელენ ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის საარაკო კორუფციას და პასუხსაც კანონის მთელი სიმკაცრით აგებინებენ. მდგომარეობა – არაპროგნოზირებადია. აშშ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრია და ბუნებრივია, იქ შექმნილი არეულობა კარგს არაფერს უქადის კაცობრიობას – გაურკვევლობის, შფოთიანობის, დაუძლეველი წინააღმდეგობების,   სულ უფრო და უფრო მზარდი ესკალაციისა და დიდი საფრთხეების მქონე გლობალური თუ ადგილობრივი კრიზისების ეპოქაში შევედით…

 

ეგზომ არეულ დროს ელემენტარული თვითგადარჩენის ინსტინქტი უნდა გვკარნახობდეს, რომ ყველანაირად თავი ავარიდოთ ნებისმიერ რისკს, რასაც შიდა არასტაბილურობის გამოწვევა შეუძლია. თანაც: ყველაფერი დღესავით ნათელი და სრულიად აშკარაა -ის, ვინც ცდილობს წყლის ამღვრევასა და ამის ფონზე თევზის დაჭერას საქართველოში თუ სხვაგან – უეჭველად ქვეყნის მტერია და მას უდავოდ ბოროტი ნება მართავს!