“როგორც საქართველოსთვის არის აფხაზეთის საკითხი, ისევე ჩინეთისთვის არის ტაივანის საკითხი”- ჩინეთის ელჩი

63
spot_img

მკაცრად ვგმობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უგულებელყო ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა და მრავალგზის გაფრთხილება, კატეგორიულ პროტესტს გამოვხატავთ ცაი ინ-ვენის ვითომ ტრანზიტით აშშ-ში ვიზიტის ორგანიზების გამო და მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის კონტრზომა ლოგიკური, გონივრული და ლეგიტიმურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განუცხადა.

„ახლო აღმოსავლეთის მსგავსად, აშშ აზიაშიც ურევს სიტუაციას. 29-31 მარტისა და 4-6 აპრილის პერიოდში ტაივანის რეგიონის ლიდერი ცაი ინ-ვენი გვატემალასა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ჩავიდა და ვითომ ტრანზიტით აშშ-ში ორჯერ გაჩერდა, რა დროსაც იყო ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის მცდელობა. ტაივანი და აშშ იმეორებენ, რომ ცაი ინ ვენი მხოლოდ ტექნიკური მიზეზით გაჩერდა აშშ-ში, მაგრამ როდესაც მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან იწყება შეხვედრები და მთელი რიგი ღონისძიებები დეტალურად არის გაწერილი, რამდენად არის ასეთი განცხადება დამაჯრებელი? მე ვფიქრობ, რომ ქართველები კარგად გაიგებენ ჩნელების გრძნობას. ცაი ინ-ვენის ვიზიტი დაახლოებით იგივეა, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ჩავიდეს რომელიმე სხვა ქვეყანაში. ასე რომ, ჩინელი ხალხის დამოკიდებულება ქართველებმა კარგად უნდა გაიგონ. ისევე, როგორც საქართველოსთვის არის აფხაზეთის საკითხი, ჩინეთისთვის ტაივანის საკითხი არის მისი მთავარი ინტერესების ცენტრი, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური ფუნდამენტი და პირველი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყოველად დაუშვებელია“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

მისი თქმით, ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანსა და აშშ-ს შორის ოფიციალური ურთიერთქმედების ნებისმიერ ფორმას.

„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ტაივანის ხელისუფლების ლიდერის ნებისმიერი საბაბით შტატებში ვიზიტს, კატეგორულად ვეწინააღმდეგებით ამერიკის მხრიდან ნებისმიერი სახის კონტაქტს ტაივანის ხელისუფლებასთან, რომელიც არღვევს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უგულებელყო ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა და მრავალგზის გაფრთხილება, კატეგორიულ პროტესტს გამოვხატავთ ცაი ინ-ვენის ვითომ ტრანზიტით აშშ-ში ვიზიტის ორგანიზების გამო და მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის კონტრზომა ლოგიკური, გონივრული და ლეგიტიმურია. ჩვენ ვადევნებთ თვალს სიტუაციის განვითარებას და ჩინეთის კონსტიტუციისა და ანტისეპარატისტული კანონის შესაბამისად, მტკიცედ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.