ყველა პოლიტიკოსმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ პარტიასთან და პოლიტიკურ პლატფორმასთან სურს აფილირება. დარწმუნებული ვარ, ნიკა მელიაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა: „ნიკა მელია თვეებია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავს ესხმის. მას სძულს ყველაფერი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, თვითონ აყენებს თავს ამ პარტიის მიღმა“.
თინა ბოკუჩავას თქმით, დამაზიანებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ერთიანობისკენ არ არის მიმართული.
„მუდმივი ურთიერთთავდასხმის რეჟიმი, რაშიც მონაწილეობა არასდროს მიმიღია, ძალიან დამაზიანებელია. ჩვენ მაქსიმალური კონსოლიდაციით უნდა შევიდეთ შემდეგ არჩევნებზე, რომელიც, პრაქტიკულად, კარს არის მომდგარი, და დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით კონსოლიდაციით, არამედ, ზოგადად, ოპოზიციურ ფლანგზე. ამ პროცესს აზიანებს ნებისმიერი მცდელობა, რომ არ იყოს ერთი ფრონტი. ვგულისხმობ ფორმალიზებულ გაერთიანებას. ამ არჩევნებისთვის ბლოკების შექმნა შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ერთიანობისკენ არ არის მიმართული, დამაზიანებელია არა პარტიისთვის, არამედ საერთო მიზნისთვის, რომლის ირგვლივაც უნდა გავერთიანდეთ ყველა, ვინც თავს მივიჩნევთ ივანიშვილის რეჟიმის ოპოზიციაში და ვისაც გვსურს, დასრულდეს რუსული მმართველობა, ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგოს ისტორიული შანსი, გახდეს ევროპის ნაწილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მაქსიმალურად უნდა გაერთიანდნენ პარტიის შიგნით და ოპოზიციურ ფრონტზე, რათა საერთო მიზანს მიაღწიონ.
„აკო მინაშვილი და კობა ნაყოფია პარტიის დაფუძნების დღიდან იყვნენ პარტიის ძალიან აქტიური წევრები და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ერთობლივად, ასევე სააკაშვილის მონაწილეობით, ლიდერობით ბევრ სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. სააკაშვილს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ დასაკარგი არავინ არ არის. ახლა არის გადამწყვეტი დრო არა პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის და სააკაშვილისთვისაც. სააკაშვილი ჯანმრთელობის კუთხით ასეთ მძიმე მოცემულობაშიც კი ქვეყანასა და ქვეყნის მომავალზე საუბრობს. მაქსიმალურად უნდა გავერთიანდეთ პარტიის შიგნით, ისევე როგორც ოპოზიციურ ფრონტზე, რათა საერთო მიზანს მივაღწიოთ“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.