საქართველოს ძლიერი ჯარი უნდა ჰყავდეს, რომელიც გამოყენებული არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის, რასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს. ეს ცვლილებები თავდაცვისუნარიანობასთან არაფერ კავშირშია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, შემოთავაზებული „თავდაცვის კოდექსი“ თავდაცვისუნარიანობას, ფაქტობრივად, დაანგრევს.
„მთავრობას ბინების მშენებლობას ავალდებულებს, მაგრამ არ ავალდებულებს, იარაღი იყიდოს. წვევამდელების გაწვევა მხოლოდ იმიტომ სჭირდებათ, რომ იფიქრონ არა ჯარზე, არამედ წინასაარჩევნოდ ახალგაზრდებზე ზეწოლის ინსტრუმენტები ჰქონდეთ. ასევე, კანონპროექტში დისკრიმინაციაა ჩადებული – იმისათვის, რომ „ბიბლიურ თავისუფლებას“ შეეხონ, ცვლილებები ყველა კონფესიას ეხება და მხოლოდ მართლმადიდებლებს შეუძლიათ, ჯარში არ წავიდნენ. ამ კოდექსის ნაკლოვანებაზე შეიძლება, დღეები ვილაპარაკოთ და ეს რომ არ მოხდეს, „ქართულ ოცნებას“ შეეშინდა და პროცედურებს არღვევს. ჩვენ მართლა ჯარი უნდა გვყავდეს და ადამიანები სამწლიანი ციხით არ უნდა დავაშინოთ, რომ ჯარში წავიდნენ. არ გვინდა, რომ იძულება იყოს, ჯარში ადამიანები ნებაყოფლობით უნდა მიდიოდნენ. ეს ყველაფერი ისე უნიჭოდ გააკეთეს, რომ ცვლილებების მიღებას მარტში აპირებდნენ, ახლა ივლისია და ვერ მიიღეს. ყველაფერზე წავიდნენ – ეთიკისა და პროცედურების ნორმები დაარღვიეს. კანონს, მუხლების ნაცვლად, თავებით განვიხილავთ. ეს მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეშინდა, ხალხს სიმართლე დაენახა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.