საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბასვილის გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„გარდა ემოციური სტრესისა, ასეთი ხარჯების გადახდა ნებისმიერი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური შოკი იყო და მისასალმებელია, რომ მთავრობამ ამ პრობლემის გადასაჭრელად პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.
ევროპული ჯანდაცვა, პირველ რიგში, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვას ნიშნავს“, – წერს არჩილ თალაკვაძე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება. პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებთან კონტრაქტი დაახლოებით თვე-ნახევარში გაფორმდება.