საქართველო სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება, -ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კიევში კარგა ხანია მოქმედებს საქართველოში დესტაბილიზაციის მაორგანიზებელი ცენტრი.
“ზელენსკი-არახამია, ცენტრის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად აკეთებენ განცხადებებს, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროინტეგრაციას, სტიმულირება გაუკეთონ საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონას არეულობის მოწყობაში, პირდაპირ მოუწოდებენ ხელისუფლების შეცვლისკენ და ამისთვის სააკაშვილის გამოყენებასაც ააქტიურებენ. მათი მთავარი მიზანი საქართველოში გადატრიალების მოწყობა და რადიკალების ხელისუფლებაში მოყვანაა იმისთვის , რომ პირდაპირი დაპირისპირება დაიწყოს და ფრონტი გაიხსნას რუსეთის საწინააღმდეგოდ, რასაც დასავლეთის ლიდერებიც აქტიურად უჭერენ მხარს.
ნიშანდობლივია ის, რომ საქართველოზე ზეწოლა და პროვოკაციების ორგანიზება , თანხვედრილია მიმდინარე ომში წარუმატებლობასთან. მიუხედავად დასავლეთის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისა, საქვეყნოდ გაცხადებული კონტრშეტევა უკრაინამ შედეგიანად ვერ განახორციელა. ახლა კი საქართველოს გამოყენებას ცდილობენ , რომ რუსეთს უსიამოვნება შეუქმნან. „უსიამოვნება“, ვინაიდან ამაზე მეტ ზიანს საქართველო თავისი შეიარაღებული ძალებით და მცირე ტერიტორიებით , სადაც ფრონტის გახსნის ბუნებრივი საშუალებები არ არსებობს, რუსეთს ვერ შევუქმნით, მით უფრო რომ ჩვენ ნატო ზურგს არ გვიმაგრებს და შეიარაღებასაც არ გვაწვდიან!
რეალურად საქმე აქამდეც არ მივა , რადგან როგორც კი რუსეთი დაინახავს საფრთხეს სამხრეთის ფლანგიდან, რევოლუციური გადატრიალების მოწყობის და მტრულად განწყობილი ხელისუფლების მოყვანის მხრივ, ადვილად შექმნის მიზეზს, რომ დაგვბომბოს და თბილისში ტანკები შემოიყვანოს, დაიკავოს ფოთი, ბათუმიდან სტრატეგიული ცენტრები. ეს ის საფრთხეა, რამაც რეალურად შეიძლება დაგვაკარგვინოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ! რუსეთ კი პასუხს არავინ გასცემს და ამოწურულ სანქციებსაც ვერაფერს დაუმატებენ. დასავლეთი აღშფოთდება, ზელენსკისთან ერთად შეჰყვირებენ , რომ რუსეთი აგრესორია და ასე ჩაივლის ყველაფერი.
საქართველოს მოქალაქეები პრინციპულები უნდა ვიყოთ, რომ მეხუთე კოლონას და უცხოელ არაკეთილმოსურნეებს არ მიეცეთ საშუალება, მოსპონ ჩვენი სამშობლოს არსებობა და მომავალი.
დასავლეთს თუ უნდა რომ ეს არ მოხდეს, თამაშს თავი უნდა გაანებოს და საქართველოს არა ევრო კანდიდატის სტატუსით ევაჭროს, არამედ ევრო კავშირში მიღება უნდა დააჩქაროს. ყველა სხვა ვარიანტი, მხოლოდ რუსეთის გავლენას გაზრდის კავკასიის რეგიონში!’- წერს ლევან მამალაძე.