ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა

70
spot_img

რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, კანონმდებლობა მთლიანად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან, მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა.

„მეორე პრიორიტეტი უკავშირდება ინსტიტუტების ეფექტიანობას ამაღლებას, რაც მოიცავდა რამდენიმე ასპექტს. პირველი იყო საპარლამენტო ზედამხედველობა და პირველ რიგში საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილი უკავშირდებოდა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე წარვადგინეთ ჩვენი გეგმა და საბოლოო ჯამში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელთა მიზანი იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. ზოგადად ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა ისედაც ხელშესახები პროგრესი, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია 2018 წელს და ამოქმედდა ახალი რეგლამენტი, თუმცა, დამატებით დაიხვეწა რეგლამენტის კონკრეტული ნორმები. დეტალებში არ გავყვები ამ ცვლილებებს, მაგრამ მაგალითად მოგახსენებთ, რომ ინტერპელაციის ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება, გაორმაგდა ინტერპელაციების რაოდენობა.

გახსოვთ, წლების განმავლობაში არც პრემიერები, არც მინისტრები არ მოდიოდნენ პარლამენტში იმისთვის, რომ წარმოედგინათ ანგარიშები პარლამენტის წინაშე, საზოგადოების წინაშე დღევანდელი, ახალი მოცემულობით მაგალითად თუ ექნება ამის სურვილი პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრიც კი, არა მარტო მინისტრები, ვალდებულია ნებისმიერ სასესიო თვეში მობრძანდეს პარლამენტში და წარუდგინოს ანგარიში პარლამენტს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ან წარადგინოს მთავრობის ზოგადი ანგარიში. ანუ, ყოველთვიურია უკვე ინტერპელაციები, რომლებიც შემოღებულია რეგლამენტის დონეზე, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებას. ახლა რა თქმა უნდა, ყველაფერი არის პირველ რიგში ოპოზიციის ხელში, თუ ოპოზიცია თავისი კომპეტენციით შეძლებს ამ საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებას, მისთვის გზა ხსნილია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მინისტრის საათთან დაკავშირებით იყო ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტში.

„მაგალითად, ანგარიშის წინასწარ წარდგენის ვალდებულება დაეკისრა მინისტრს. ერთ დღეში ერთზე მეტი მინისტრის საათის გამართვა დაუშვებელია; საკომიტეტო მოსმენებთან დაკავშირებით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითისთვის, დაზუსტდა ვადები, რაც დაკავშირებულია კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მინისტრის მოწვევასთან კომიტეტის სხდომაზე, ასევე დადგინდა პროაქტიული ანგარიშგების წესი, ამ თემასთან დაკავშირებით კომიტეტი ვალდებულია პროაქტიულად წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია. პარლამენტის წევრის კითხვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი. აქაც გვაქვს ცვლილებები, კერძოდ, შემცირდა პასუხის გაცემის ვადები, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ასევე, აქაც პროაქტიულად გამოქვეყნდება ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია შეკითხვებზე პასუხის გაცემასთან, მათ შორის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია და ა.შ. თემატური მოკვლევა – ესეც არის მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი და ამ შემთხვევაშიც გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, კვორუმი იქნა დაწეული, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, ასევე რეგლამენტში დაიხვეწა თემატური მოკვლევის რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმი. სუს-ის ანგარიშს რაც შეეხება, სუს-ის უფროსი არ იყო ვალდებული წარმოედგინა პირადად ანგარიში პარლამენტის წინაშე და ესეც დაზუსტდა, სუს-ის უფროსი პირადად წარუდგენს პარლამენტს ანგარიშს სუს-ის საქმიანობის თაობაზე. როგორც ხედავთ, რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, კანონმდებლობა არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და უფრო მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში. ანუ, სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მან საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მიცემს ელექტრონული წესით, რაც ფუნდამენტური ცვლილებაა და პრაქტიკაზე დადებითად აისახება.

„მეორე პრიორიტეტი არის საარჩევნო რეფორმა და აქაც როგორც მოგეხსენებათ, განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები. მთავარი ცვლილება უკავშირდება ელექტრონულ ხმის მიცემას. შემოღებული იქნე ელექტრონული ხმის მიცემის წესი, კენჭისყრის წესი. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მიცემს ელექტრონული წესით, რაც არის ფუნდამენტური ცვლილება, რაც პრაქტიკაზე აისახება ძალიან დადებითად. თქვენ გახსოვთ, იყო უამრავი სპეკულაცია ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით და ა.შ. პრობლემა იყო დაუბალანსებელი ბიულეტენები, ოქმები და ა.შ. ეს პრობლემები ავტომატურად მოგვარდება. დაახლოებით ერთ საათში კენჭისყრის დასრულებიდან, 20 საათზე სრულდება კენჭისყრა როგორც მოგეხსენებათ, 21 საათისთვის უკვე ამომრჩეველთა ხმების 90%-ზე მეტი იქნება დათვლილი და ატვირთული ცესკო-ს ვებგვერდზე, რაც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს მთლიანად საარჩევნო პროცედურების ხარისხს და ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განხორციელდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსების კუთხით ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

„ხარჯების წლიური ზედა ზღვარი განახევრდა პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსებს, აქაც გავყევით ოდირის რეკომენდაციებს, გაორმაგდა ჯარიმები, რაც არის დაკავშირებული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ასევე დადგინდა ხანდაზმულობის ახალი ვადები ასევე ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, აქაც არის ფუნდამენტური ცვლილებები, კერძოდ, შემოღებული იქნა საუბნო კომისიების წევრთა სრული სერტიფიცირება, ყველა წევრი უნდა იყოს სერტიფიცირებული და ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე საარჩევნო კოდექსში. ასევე საუბნო კომისიის ხელმძღვანელობა აირჩევა საოლქო კომისიის მიერ, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო, რაც შესრულდა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საჩივრებს, ირაკლი კობახიძის თქმით, გაიზარდა გასაჩივრების ვადები, რაც იყო ასევე ოდირის ერთ-ერთი რეკომენდაცია.

„გადათვლას რაც შეეხება, აქაც ავტომატური გადათვლა იქნა შემოღებული, დისბალანსების შემთხვევაში, თუ დისბალანსი აღემატება, 5 ბიულეტენს, ან არის, -10 ბიულეტენი ამ შემთხვევაში ავტომატურად გადაითვლება ნებისმიერი შესაბამისი უბანი. არსებითად აქტუალური იქნება ეს საკითხი იმ უბნებისთვის სადაც არ ვრცელდება ელექტრონული კენჭისყრა. მარკირება შემოღებული იქნება, მათ შორის იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც გადასატანი ყუთით აძლევს ხმას, ესეც არის მნიშვნელოვანი სიახლე და დაკვირვების ნაწილში დამკვირვებელ ორგანიზაციებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ ცესკოს სხდომებს, მაშინაც როდესაც არ არის საარჩევნო პერიოდი – ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. ანუ, საარჩევნო რეფორმის კუთხითაც ხედავთ რომ არის ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელებული და მე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საკმაოდ ფართო კონსენსუსით იქნა დამტკიცებული საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.