“მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

111
spot_img

რუსეთ- უკრაინის ომის 491-ე დღე

რუსი სამხედროები ძირითადი ძალების მობილიზებას ლიმანის, ბახმუტის და მარიინკის მიმართულებებზე აგრძელებენ. დღე-ღამის განმავლობაში 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით „უკრინფორმი“ ავრცელებს.

„თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა რუსი სამხედროების პირადი შემადგენლობის კონცენტრირების რაიონებზე, 5 – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე და 1 – მართვის პუნქტზე. განადგურებულია Су-25-ის ტიპის თვითმფრინავი და სამი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი “, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტზე სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება შეძლეს და წინ მიიწევენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, გვაქვს პროგრესი. მტერი ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევს, ამავდროულად დიდ დანაკარგებს განიცდის. ის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი პოზიციები ტერიტორიის უწყვეტი დანაღმვით“, – წერს ზალუჟნი „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, მარკ მილისთან ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელ საჭიროებებზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესახებ და მადლობა გადაუხადა სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა წინა დღეს გამოაცხადა.

„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კონტაქტს და კოორდინაციას გავიწევთ ქმედებებს უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისთვის“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ბელარუსში “ვაგნერელების” რაოდენობა არასაკმარისი იქნება უკრაინაზე თავდასხმისთვის.

ამის შესახებ მან პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვერ ვიტყვი ისინი [“ვაგნერელები”] რამდენად დაემუქრებიან ვინმეს ბელარუსის ტერიტორიაზე, ვინაიდან, ვთვლი, რომ კონტინგენტი იქ არც ისე დიდი იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ვაგნერის” ბევრი დაქირავებული მებრძოლი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს, ამიტომ მოსკოვზე მათი შედარებით მცირე რაოდენობა წავიდა.

ამის გარდა, ზელენსკის თქმით, უკრაინის არმია თვლის, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში ვითარება “უცვლელი და კონტროლირებადია” და შემოჭრის გამეორება შეუძლებელია.

“საბოლოო ჯამში ძლიერი, თანამედროვე ჯარი გვყავს და არა მხოლოდ სიტყვებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.