კიევსა და კიდევ რამდენიმე ოლქში, ღამით საჰაერო განგაში მოქმედებდა. განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავის, კირივოგრადისა და ჩერკასის ოლქებშიც. ხმელნიცკის ოლქში კი, აფეთქებების ხმა ისმოდა.
ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილად, ისევ დონეცკის ოლქი რჩება. უკრაინის „სამხრეთ სარდლობის“ ცნობით, რუსეთი სამხედრო ძალისხმევას შავ ზღვაში ააქტიურებს. ვრცელდება ცნობა რაკეტმზიდის, „ადმირალ მარკოვისა“ და კიდევ 8 ხომალდის მზადყოფნაში მოყვანის შესახებ.
„სამხრეთსა და აღმოსავლეთში უკრაინელი მებრძოლები ფიზიკურად წმენდენ უკრაინას. ტერორისგან დაცვა – ეს ტერორისტების განადგურებაა და გარანტიაა, რომ ბოროტ სახელმწიფოს, არასდროს ექნება უკრაინაში ბოროტების შესაძლებლობა. უკრაინელი მებრძოლები აუცილებლად გასცემენ ტერორისტებს პასუხს. ყოველი ასეთი რუსული დარტყმა, ყოველი რუსული ტერაქტი – ყოველ ჯერზე არგუმენტია, რომ ოკუპანტებს სადმე უკრაინულ მიწაზე დარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ და არც ექნებათ. მკვლელებისა და ტერორისტების ადგილი აქ არ არის და არასდროს იქნება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 40 შეტევა მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. მძიმე ბრძოლები გრძელდება – გასული დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, წუხელ რუსეთის ფედერაციამ ირანული Shahed-ის დრონებით უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელა.
„ინფორმაცია ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ზუსტდება“, – აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსები უკრაინას თავს 33 Shahed-ის ტიპის ირანული დრონით, 7 საზენიტო მართვადი რაკეტით და ერთი „ისკანდერ-მ“ სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტით.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა Shahed-ის 30 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, მტერმა 83 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჩვენი ჯარების პოზიციებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 58-ჯერ გაუხსნა“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც რუსების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, 9 დარტყმა მიაყენა, 3 დარტყმა კი მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაყენა.
„დამცველებმა ასევე გაანადგურეს მტრის 4 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მართვის 3 პუნქტს, პერსონალის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ერთ ტერიტორიას, 18 საარტილერიო დანადგარს, საჰაერო თავდაცვის ერთ საშუალებას და მტრის კიდევ 6 მნიშვნელოვანი სამიზნეს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.