სად ბრუნდება?! როგორ ბრუნდება?! ფიზიკურად რომ დაბრუნდა რა ქნა?! ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება მერე რას იზამს?! ვის დაჰკარგვია?!, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ წაადგება.
„იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მან საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. შესაბამისად, ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მოითხოვოს შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ. ახლა წმინდა წყლის მდარე ფეიკ პიარია. სად ბრუნდება? როგორ ბრუნდება? ფიზიკურად რომ დაბრუნდა რა ქნა?! ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება მერე რას იზამს?! ვის დაჰკარგვია?! დამნაშავეა სისხლის სამართლის და გულწრფელად გეტყვით, „ქართული ოცნებისთვის“ მისი დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში საჩუქარი იქნება და ძალიან გამოადგება იმიტომ, რომ რამდენჯერ ქართველი ადამიანი მიხეილ სააკაშვილს დაინახავს, ეს კაცი ბოროტების სიმბოლოა და მიხვდება როგორ უნდა განასხვაოს ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ბრუნდება. მისივე თქმით, “ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი აჭარის უზენაეს საბჭოში”.
“საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად,” – აღნიშნავს სააკაშვილი.