საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს.
მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს მცხეთაში იმყოფება. პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.
„გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, საზღვრებს გარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ ქალაქში, წმინდა ტაძარში, სვეტიცხოველში. მიწისა და ზეცის შენაერთს უწოდებენ ჩვენს სვეტიცხოველს. აქ დაბრძანებულია უფლის კვართი, რომელიც სიამაყით აღგვავსებს და დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს ქართველებს საუკუნეების მანძილზე. ასევე, უფლის კვართია სწორედ ჩვენი ერისა და ქრისტიანობის განუყოფელი სიმბოლო. სწორედ უფლის კვართი იყო შთამაგონებელი წმინდა ნინოსთვის, რომ ჩამობრძანებულიყო საქართველოში და ექადაგა ქრისტიანობა. სწორედ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მეოხებით გაქრისტიანდა ჩვენი ერი და მას შემდეგ, ასე მტკიცე და ურყევია ქრისტეს სიყვარულში.
მიუხედავად უამრავი ქარტეხილებისა, დღემდე მოვედით სწორედ ამ რწმენით. ამ რწმენაშია გათავისებული ჩვენი იდენტობაც, კულტურაც, წარმომავლობაც, სწორედ ქრისტიანობით არის შევსებული. ასევე, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე საქართველოში, ჩვენ ქართველები, სწორედ ჩვენი დედაეკლესიის, მართლმადიდებლური სარწმუნოების მეშვეობით ვართ ასე განმსჭვალული, რომ ასე ძლიერად ვართ წარმოჩენილი. უდიდესი ძალა აქვს ჩვენს სარწმუნოებას.
არ შემიძლია, არ ვახსენო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომლის მეოხებითაც სწორედ ვართ ასე მტკიცედ ქრისტეს რწმენაში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა სრულდება. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.