აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა თანამდებობის პირის ქმედებებს -ვლადიმერ პუტინი

13
spot_img

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა კომპენსაციების თვალსაზრისით, სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა თანამდებობის პირის ქმედებებსაც.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა დუშანბეში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, თვითმფრინავის კატასტროფიდან მალევე, სატელეფონო საუბრის დროს, აზერბაიჯანელ კოლეგას ბოდიში მოუხედა, რომ „ტრაგედია სწორედ რუსეთის ცაში მოხდა“.

„ვისურვებდი ამის გამეორებას, განახლებას და თქმას, რომ ჩვენ უდავოდ, როგორც შევთანხმდით, ყველანაირ დახმარებას ვუწევთ გამოძიებას. გამოძიება დასასრულს უახლოვდება და ახლა, საერთო ჯამში, შეიძლება ამ ტრაგედიის, ამ კატასტროფის მიზეზებზე საუბარი“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კატასტროფა რამდენიმე გარემოებას უკავშირდება. პირველი არის ის, რომ შემთხვევის დროს რუსეთის საჰაერო სივრცეში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი იმყოფებოდა. კიდევ ერთ მიზეზად პუტინმა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ტექნიკური ხარვეზი დაასახელა, რის გამოც გაშვებული ორი რაკეტა თვითმფრინავის სიახლოვეს აფეთქდა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, თვითმფრინავის ეკიპაჟს ასევე შესთავაზეს მაჰაჭყალაში დაშვება, თუმცა მან ბაზირების აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„უდავოდ, რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებში, კომპენსაციების თვალსაზრისით და ყველა თანამდებობის პირის ქმედებებს მიეცემა სამართლებრივი შეფასება. რა თქმა უნდა, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებული ეს სიტყვები, რომლებიც მიზნად ისახავს ოჯახების მორალურ მხარდაჭერას, არ წყვეტს მთავარ პრობლემას – არ აღადგენს იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ. ვიმეორებ, ჩვენი მოვალეობაა და, ამაზე თავიდანვე შევთანხმდით, რომ საჭიროა ყველაფრის ობიექტური შეფასება და რეალური მიზეზების გამოვლენა. თუმცა, ამას გარკვეული დრო სჭირდება. საბოლოო წერტილის დასმას ალბათ, კიდევ რაღაც დრო დასჭირდება. საერთო ჯამში, მე ძირითადად მოკლედ გადმოგეცით ის, რაც ჩვენს შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, გუშინ, გუშინწინ მომაწოდეს. გულწრფელად რომ ვთქვა, გუშინ ღამით მოსკოვშიც კი დავრეკე და ვკითხე, იყო თუ არა რაიმე დამატებითი დეტალი. პრაქტიკულად ყველაფერი გითხარით, რაც ვიცი“, – თქვა პუტინმა.

თავის მხრივ, ალიევმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს, რომ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებული სიტუაცია პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.

„თქვენ პირადად აკონტროლებთ გამოძიების მიმდინარეობას და ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ის ყველაფერს ობიექტურად გაარკვევდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ საჭიროდ ჩათვალეთ ამ საკითხის განხილვა ჩვენს შეხვედრაზე“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან კატასტროფა 2024 წლის 25 თებერვალს განიცადა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი გამოძიებით, თვითმფრინავი რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.