ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ეხმაურება აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ, პრეზიდენტის ძალისხმევას ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გამოყენებით რიგი ქალაქების ქუჩებში წესრიგის დამყარებას და აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დონალდ ტრამპი 200 წლის წინ მიღებული კანონის გამოყენებით იმუქრება“ (ავტორი – ჯეიმს პოლითი). პუბლიკაციაში გადმოცემულია კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია აშშ-ის ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლების გარკვეული დაპირისპირებით.
გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:
დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ გამოიყენებს 1807 წლის კანონს აჯანყებების შესახებ და მის საფუძველზე აშშ-ის რიგ ქალაქებში საჯარისო ქვედანაყოფებს შეიყვანს. ამით პრეზიდენტმა გაამწვავა დაპირისპირება იმ შტატებთან, რომლებსაც ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი გუბერნატორები ხელმძღვანელობენ და რომლებიც ეწინააღმდეგებიან შეიარაღებული ძალების გამოყენებას აშშ-ის ტერიტორიაზე.
პრეზიდენტმა ეს გაფრთხილება იმიტომ გაახმოვანა, რომ მის გადაწყვეტილებას ფედერალური ჯარების შეყვანაზე ამერიკის ზოგიერთ ქალაქში საპროტესტო აქციების აღსაკვეთად შტატების სასამართლოებში არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია მოჰყვა: იმ დროს, როცა ორეგონის შტატში მოსამართლემ ჯარების განთავსება დაბლოკა, ილინოისის შტატში მხარი დაუჭირეს.
„ჩვენ გვაქვს კანონი აჯანყებების შესახებ და ეს უბრალო კანონი არ არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ოვალურ კაბინეტში, ორშაბათს, როცა მას შესაბამისი კითხვა დაუსვეს. პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილების იურიდიული საფუძველი მე-19 საუკუნის დასაწყისში მიღებულ კანონს დაუკავშირა და თქვა, რომ „კიდევ რომ მომიწიოს მსგავსი მოქმედება, ისევ იგივენაირად გავაკეთებდი. თუ ადამიანების მკვლელობა დაიწყება, როგორ შეიძლება მათ გადარჩენაზე ქალაქების მერებმა, მოსამართლეებმა და გუბერნატორებმა ხელი შეგვიშალონ?“.
დონალდ ტრამპის მუქარა იმას ნიშნავს, რომ მას განზრახული აქვს თავისი გეგმების – შეიარაღებული ძალებით სარგებლობა – რეალიზება გააგრძელოს და ქვეყნის შიგნით პროტესტების გამოხატვა სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაახშოს – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლეები პრეზიდენტის ნაბიჯს უკანონოდ გამოაცხადებენ.
მას შემდეგ, რაც ივნისში პრეზიდენტმა კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჟელესის ქუჩებში წესრიგის დამყარებისა და კონტროლის აღსადგენად საჯარისო ქვედანაყოფები გამოიყვანა, მან გადაწყვიტა გააფართოოს შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა ამერიკულ ქალაქებშიც იმ მოტივით, რომ დამნაშავეობის აღმოფხვრისა და ფედერალური ობიექტების პერსონალის დასაცავად ჯარებით სარგებლობა აუცილებელია. მღელვარებები დიდწილად გამოწვეულია აშშ-ის ხელისუფლების მიერ ანტიმიგრაციული ზომების გამკაცრებით.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილებები ფედერალური ჯარების შეყვანაზე ქალაქებში პორტლენდში (ორეგონის შტატი) და ჩიკაგოში (ილინოისის შტატში) ადგილობრივი სახელმწიფო ჩინოვნიკების ნების საწინააღმდეგოდ, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი შტატების ტერიტორიაზე ჯარების ქვედანაყოფების განთავსება მიზანშეუწონელია და საერთოდ, ხაზს უსვამენ, რომ პრეზიდენტის მოქმედება ანტიკონსტიტუციურია. „ჩვენთან არანაირი აჯანყება არ ხდება“, – აღნიშნა ორშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ილინოისის შტატის გუბერნატორმა ჯეიბი პრიცკერმა, – „დონალდ ტრამპი ჩვენს სამხედროებს პოლიტიკურ საყრდენად და პაიკებად იყენებს თავის უკანონო მცდელობებში ჩვენი ქვეყნის ქალაქების მილიტარიზების მიზნით“.
დონალდ ტრამპმა გადაუხვია აშშ-ის პრეზიდენტების ხანგრძლივ ტრადიციას, როცა ისინი თავს არიდებდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალებით სარგებლობას ქვეყნის შიგნით. ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად, მემფისში (ტენესის შტატი) და ვაშინგტონში (კოლუმბიის ფედერალური ოლქი) მოსახლეობა იწონებს ან გაგებით ეკიდება პრეზიდენტის ნაბიჯს, ზოგან კი აკრიტიკებენ და უკანონოდ თვლიან.
თეთრი სახლი მხარს უჭერს ჯარების განთავსებას რიგ ქალაქებში: „სამწუხაროა, რასაც ახლა ვხედავთ – ზოგიერთი ქალაქის მერი ფედერალურ გადაწყვეტილებების შესრულებას ეწინააღმდეგება და ცენტრალური ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს – იმიტომ, რომ მათ დონალდ ტრამპი არ მოსწონთ“, – განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ქეროლაინ ლივითმა.