შალვა პაპუაშვილი – პროექტი, რომელიც ხელისუფლების დამხობას გულისხმობს, არის დასრულებული, ახლა ყველას უნდა ეყოს სითამამე, რომ მიიღონ სასჯელი

1
spot_img

პროექტი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების დამხობას, არის დასრულებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„რაც მთავარია, ახლა ყველამ უნდა მიიღოს ამის შედეგები. იმის სითამამე თუკი ჰქონდათ, რომ წასულიყვნენ სახელმწიფოს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ახლა იმის სითამამეც უნდა ეყოთ, რომ მიიღონ სასჯელი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ წამსვლელებს შემდეგ მოსდევს. ასე რომ, ამ სასჯელისთვისაც უნდა იყვნენ მზად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოება უსმენდა ორგანიზატორებს, რომლებიც დადგნენ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე, მათ პირდაპირ მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის აღებისკენ და გასაღების ჩაბარებისკენ, დღეს კი ამ ზრდასრული ადამიანების მხრიდან ნიანგის ცრემლებს ვხედავდით.

„ამბობდნენ, რა იცოდნენ, რომ ასე მოხდებოდა და სხვა რამ მოხდებოდა. ასეთია აგენტის ბედი, მისცემენ დავალებას, გაათამამებენ, აფიქრებინებენ, რომ ყველაფერი წავა პრობლემების გარეშე, შემდეგ ჩავარდება, ამ აგენტსაც ჩასვამენ ციხეში, როგორც მიხეილ სააკაშვილის ზის და კაცის შვილი მაგის გამომშვები ვერ არის გარედან, ხედავს თვითონაც, ასე ჩატოვებენ ციხეში და იქნება საკუთარი სასჯელის მოსახდელად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად გაქრნენ 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რადგან თავდაპირველად კეთდებოდა განცხადებები, რომ მშვიდობიან დამხობას უერთდებოდა ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის, „ლელოდან“, მაგრამ შემდეგ პროცესები როგორც განვითარდა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ხუთი ადამიანი დარჩა სცენაზე, დანარჩენები კი არ ჩანდნენ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გემი როცა იძირება, ვირთხები გარბიან.

„საით გარბიან ხოლმე ვირთხები, როცა გემი იძირება? აი, ასე ვირთხებივით გაიქცა ყველა. ასე ვირთხებივით გაიქცნენ თავის დროზე, როდესაც საქართველოში 2008 წელს ომი იყო, გარბოდნენ საზღვრისკენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ასე ვირთხებივით გარბიან ყოველი ჯერზე. ჩვენ ვნახეთ, სხვა დროს რომ ყოყლოჩინობენ პოლიტიკოსები, დღეს თავის მართლება უწევთ, სად იყვნენ, რუსთაველზე რატომ არ იყვნენ, ერთს რომ აკავებდნენ, მეორე სად იყო და ასე შემდეგ. ყველა ვირთხები ვიცი იყო გაფანტული, ზოგის სახლიდან აიყვანეს შემდეგ და ზოგი საავადმყოფოდან გულყრებით. ასე რომ, ეს არის ბუნება მოღალატის და ასე იქნება ყოველთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს მათი ვითომ ნათამაშები მიამიტობა, თითქოს რაღაც მშვიდობიან დამხობას აწყობდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უნდა მომხდარიყო ის, რაც დაანონსებული იყო და ის, რაც დღეს მათ ერთ-ერთ პროპაგანდის გაეპარა.

„უნდა მომხდარიყო სისხლისღვრა, იარაღის გასროლა და მსხვერპლი. აი, ეს უნდა მომხდარიყო, შემდეგ ქაოსი და 90-იანი წლები; შემდეგ გვექნებოდა, რა თქმა უნდა, ბრიუსელიდან და სხვადასხვა მხრიდან შეშფოთებები, მწუხარებები, ჰუმანიტარული დახმარებები და ნიანგის ცრემლებს ვნახავდით. შეგახსენებთ, იმავე ღამეს, შტურმი რომ მიდიოდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მოლდოვის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და ქართველ ხალხს, ანუ ამაში გულისხმობს ექსტრემისტებს, ექსტრემისტებს დაუჭირა მხარი. მეორე დღეს მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა უფრო რბილი განცხადება. მიხვდნენ, რომ ნამეტანი შეტოპეს ძალადობის მხარდაჭერაში და შემდეგ შეეცადნენ უკან დახევას, მაგრამ სიტყვები არსად არ იკარგება და მანუსკრიპტები არ იწვის. ასე რომ, მისი განცხადება დარჩა, როგორც მოძალადეების მხარდამჭერი განცხადება, რომელიც ჰქონდა მოლდოვას პრეზიდენტს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მათ შორის ვნახეთ ნაცნობი სახეები.

„ჟიგიმანტას პავილიონისი რამდენი ხანია, აღარ გაგვიგია და აგერ გამოძვრა, რასა იუკნევიჩიანე ყველა, ვინც კი ოდესმე ქართველი ხალხის მტრობაში არის შემჩნეული, ერთბაშად გამოჩნდა იდენტური განცხადებებით. რა თქმა უნდა, არის იმის აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული ტექსტები და წინასწარ მომზადებული სპიკერები, რომ აქ უნდა ამტყდარიყო დავიდარაბა, სისხლი, მსხვერპლი და გასროლა და შემდეგ იქიდან მხარდაჭერა, რომ მხარს უჭერენ პროტესტს, მხარს უჭერენ ხალხს, მშვიდობა, დიალოგი და ასე შემდეგ. შეხედეთ, ვისგან იყო 4 ოქტომბერს განცხადებები და ეს ადამიანები არიან ქართველი ხალხის მტრები. დავიმახსოვროთ ჟიგიმანტას პავილიონისები და მსგავსი ადამიანები. გაგანია შტურმი მიდიოდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და ქალბატონი სანდუ თავის ტვიტერზე წერდა, თითქოს თავისი საქმე გამოლევიათ მოლდოვაში. პოსტსაბჭოთა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა გვასწავლოს ჩვენ ჭკუა? რა გვესწავლება საერთოდ მისგან?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.