რუსეთ-უკრაინის ომის 477-ე დღე
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, რუსების მიერ 15 ივნისის ღამის საჰაერო თავდასხმის დროს გაშვებული Shahed-ის 20-ვე დრონი, 4 ფრთოსანი რაკეტიდან ერთი და Orlan-10 ტიპის სადაზვერვო დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინას Х-101/Х-555 ტიპის ფრთოსანო რაკეტებით, ასევე Shahed -136/131 დრონებით დაესხნენ თავს. რაკეტები Tu-95ms ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავებით კასპიის ზღვიდან გაუშვეს. ერთ-ერთი რაკეტა უკრაინელებმა გაანადგურეს, დანარჩენი კი დნეპროპეტროვსკის ოლქში სამრეწველო ობიექტებს მოხვდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან გაუშვეს და უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს.
გარდა ამისა, უკრაინელმა დამცველებმა Orlan-10 ტიპის სადაზვერვო დრონი გაანადგურეს, რომელიც საჰაერო დაზვერვას აღმოსავლეთის მიმართულებით ახორციელებდა.
სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ ჩვენი წინსვლა დამაჯერებელია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
“ჩვენთან ზოგიერთ მიმართულებაზე შეტევა მიმდინარეობს, მაგრამ ასევე რამდენიმე მიმართულებაზე მტრის შეტევაც მიმდინარეობს. ანუ დღეის მდგომარეობით შეტევაშიც ვართ, და დაცვაშიც. უბრალოდ სხვადასხვა მიმართულებებზე. მიმდინარეობს ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა…
ამის გარდა, სამხრეთში ჩვენი სამხედროები მინდვრების სრულ დანაღმვას აწყდებიან. ამიტომ ძალიან რთულია წინსვლა. კი, ეს შესაძლებელია, ნელა, თუ ციფრებს შევხედავთ, მაგრამ ეს წინსვლა დამაჯერებელია”, – განაცხადა მალიარმა.
უკრაინულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, კონტრშეტევითი ოპერაციები მინიმუმ 3 მიმართულებით განაგრძეს და წარმატებას მიაღწიეს, – ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
„უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა 14 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა ბახმუტის მიმართულების დაუზუსტებელ მონაკვეთებში 200-500 მეტრით წინ წაიწიეს, ზაპოროჟიეს მიმართულებით კი 300-350 მეტრით“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ინსტიტუტის ანალიტიკოსების განცხადებით, უკრაინული და რუსული წყაროები იუწყებოდნენ, რომ გასული დღის განმავლობაში ბრძოლა გაგრძელდა დონეცკის დასავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით მაკარივკას გარშემო და ზაპოროჟიეს ოლქში ორიხივის სამხრეთით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის ტავრისკის ძალების ჯგუფის პრესსპიკერის ვალერი შერშენის თქმით, უკრაინული ძალები ტავრისკის მიმართულებით პრიორიტეტს ანიჭებენ რუსეთის ელექტრონული ომის სისტემებზე დარტყმას და „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ ადრე შეაფასა, რომ რუსეთის ელექტრონული ომის შესაძლებლობებს ფრონტის ამ ნაწილში უკრაინის თავდასხმების გართულებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა ახლა რეალურად ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის როლს ასრულებს და ცივილიზებულ ევროპას ბარბაროსული რუსეთისგან იცავს.
„ჩვენ უკვე მივაღწიეთ შთამბეჭდავ შედეგებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ალიანსის წევრ ქვეყნებთან მუშაობის წყალობით. ჩვენ უკვე შევაგროვეთ წარმოუდგენლად მრავალფეროვანი იარაღისა და აღჭურვილობის არსენალი“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, მთელი ქვეყანა ელოდება სიცხადეს: „როდის და როგორ გავხდებით ალიანსის სრულუფლებიანი წევრი“.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ცდილობენ, ნატო-ს ქვეყნებთან მაქსიმალურ თავსებადობას მიაღწიონ. ჩვენი მიზანია, შევასრულოთ ყველაფერი, რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კომპეტენციაში შედის, რათა ვილნიუსში მაქსიმალურად გათავისუფლდეს სივრცე სახელმწიფოს მეთაურების დონეზე საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად”, – განაცხადა რეზნიკოვმა.