4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა!-ბერდია სიჭინავა

5
spot_img

4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა! – „ოცნება“ მთიდან დაგორებული ლოდია, რომელიც გზაზე ყველაფრის განადგურებას ცდილობს, მაგრამ აუცილებლად მალე დადგება მომენტი, როდესაც თავის პოლიტიკურ მოგზაურობას დაასრულებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სიჭინავა აღნიშნავს, „ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება“.

„როგორც ჩერჩილმა თქვა „წარმატება უნარია, გაიარო გზა ერთი მარცხიდან მეორემდე ისე, რომ არც ენთუზიაზმი დაკარგო და არც ოპტიმიზმი. სწორედ მაშინ მოვა ნამდვილი გამარჯვება“.

„ვერთიანდებით საქართველოსთვის“ – ამ სიტყვებით დაფუძნდა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, სადაც მთავარი კრიტერიუმებია ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი.

საქართველოსთვის ბრძოლა ჩვენი გააზრებული არჩევანია იმ დღიდან, როცა ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი კომფორტის, თანამდებობის თუ ფინანსების ხარჯზე გადაწყვიტა შესულიყო ამ უთანასწორო ბრძოლაში და დაჰპირისპირებოდა საზოგადოების გახლეჩას, კორუფციას, სიღარიბეს, ძალადობას, უსამართლობას, ქაოსს, ქვეყნის მომავლის შეჩერებას.

უკვე 3 არჩევნები გამოვიარეთ წარმატებებით, პოლიტიკური შეცდომებით და მარცხებითაც, მაგრამ ამ წლების მანძილზე ყველაზე დიდი გამარჯვება, რასაც მივაღწიეთ და ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს არის ის, რომ ჩვენი წაქცევა არცერთ ხელოვნურად თავსმოხვეულ მარცხს არ შეუძლია, არც „ოცნების“ მხრიდან ჩვენს N1 პოლიტიკურ სამიზნედ გამოცხადებას და არც ოპოზიციის გაყიდული ნაწილის მავნებლობას.

სამწუხაროდ, 4 ოქტომბერს ბოიკოტმა გაიმარჯვა საღ აზრზე, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა! ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი!

ხშირად ვამბობ, რომ „ოცნება“ მთიდან დაგორებული ლოდია, რომელიც გზაზე ყველაფრის განადგურებას ცდილობს, მაგრამ აუცილებლად მალე დადგება მომენტი, როდესაც თავის პოლიტიკურ მოგზაურობას დაასრულებს.

შეცდომებისთვის თვალის გასწორება და მათი სწორი შეფასება, მხოლოდ გვაძლიერებს!

ამ სადგურზე არ არის ჩვენი ბოლო გაჩერება! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“ – წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.