დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, ილინოისმა და ჩიკაგომ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

2
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, ილინოისმა და ჩიკაგომ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზანი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის შეჩერებაა.

„პრეზიდენტ ტრამპის მიერ ჩიკაგოსა და ილინოისის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში გამოცხადებული „ომის“ წინსვლა უკანონო და საშიშია. ამერიკელი ხალხი შტატების სამხედრო ოკუპაციის საფრთხის ქვეშ არ უნდა იმყოფებოდეს“, – აღნიშნულია სარჩელში.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სასამართლომ მეორედ დაბლოკა, ტრამპი კალიფორნიიდან პორტლენდში ჯარისკაცების განლაგებას მაინც გეგმავს. მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა კალიფორნიიდან ორეგონში ჯარები მას შემდეგ გაგზავნა, რაც მოსამართლის ბრძანებას უგულებელყოფს. აშშ-ის ილინოისის შტატის გუბერნატორის, ჯეი ბი პრიცკერის განცხადებით კი, პრეზიდენტი ტრამპი ტეხასის ეროვნული გვარდიის 400 წევრის განლაგებას ილინოისში, ორეგონსა და სხვა ადგილებში განლაგებას გეგმავს. ამ გადაწყვეტილებას ჯეი ბი პრიცკერი ტრამპის უსაფუძვლო შეჭრას უწოდებს და აცხადებს, რომ „ეროვნულ გვარდიაში მომსახურე ადამიანები პოლიტიკურ ბუტაფორიებად არ უნდა გამოიყენებოდნენ“.

„ბიბისის“ ინფორმაციით, პენტაგონმა კალიფორნიის ეროვნული გვარდიის 200 წევრის პორტლენდში გადაყვანა უკვე დაადასტურა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა გამოიყენა თავისი კანონიერი უფლებამოსილება პორტლენდში ფედერალური აქტივებისა და პერსონალის დასაცავად, ძალადობრივი არეულობებისა და სამართალდამცავ ორგანოებზე თავდასხმების შემდეგ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, აბიგაილ ჯექსონმა. მისივე თქმით, კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომიც „კანონმორჩილი მოქალაქეების მხარეს უნდა იდგეს და არა იმ დამნაშავეების, რომლებიც პორტლენდსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქებს ანადგურებენ“.