მათი გამაყრუებელი სიჩუმე კარგად აჩვენებს, სინამდვილეში რა ფასი აქვს მათთვის დემოკრატიას – შალვა პაპუაშვილი

8
spot_img

გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლისღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

„გუშინ საქართველოში შედგა არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთი წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას, თუ ვინ არის ქართველი ხალხი, სად დგას ქართველი ხალხი, რამდენია ქართველი ხალხი და ვის შეუძლია მათი სახელით ლაპარაკი.

ქართველი ხალხი გუშინ მივიდა არჩევნებზე, რომელიც ცხადია იყო იმაზე მეტი, ვიდრე ეს უბრალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევაა.

გუშინ ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოს, ქვეყნის კონსტიტუციას, მართლწესრიგს, დემოკრატიას და ეროვნულ ინტერესებს.

მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ თითოეულ კანდიდატს, საარჩევნო შტაბების წევრებს, რომლებმაც ჩვენი მთავარი სათქმელი ამომრჩევლამდე მიიტანეს.

ყოველგვარი ალტერნატიული დღის წესრიგი, გამოგონილი და ყალბი რეალობა, გუშინდელმა დღემ დაასრულა.

ამავე დროს, გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლისღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს. მადლობა თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, უსაფრთხოების სამსახურისა და სამთავრობო დაცვის თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, შიდა და გარე მტრებს არ მოარღვევინეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ზღუდე.

შიდა და გარე ძალებმა, რომლებიც უკვე წლებია საქართველოს არევას ცდილობენ, სცადეს გადამწყვეტი ბრძოლა გაემართათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მწარედ დამარცხდნენ.

გუშინ ჩვენ ვნახეთ უცხოეთიდან მართული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი ამბიციების, ზიზღისა და შურისძიების მოტივებით დაემხოთ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება და, მასთან ერთად, დაემხოთ საქართველოს, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების მომავალიც.

დღეს უკვე ლაპარაკიც არ ღირს იმ რამდენიმე ავანტიურისტზე, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ ხელისუფლების დამხობის მცდელობას. მათი დანაშაული აწონილია, ბრალი გაზომილია და სათანადო სასჯელიც მიეზღვებათ.

დღეს გუშინდელი დღის ყველაზე სამარცხვინო, ლაჩარ და უსინდისო მონაწილეებს უნდა მიეზღოს, რაც დათესეს და რის მომკასაც გუშინ ცდილობდნენ. საუბარი მაქვს რადიკალების იმ ლიდერებზე, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის დაგეგმვაში, ადამიანების მობილიზებაში, ზიზღით დამუხტვაში და როდესაც დაინახეს, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, გაიპარნენ და ახლა ცდილობენ ხელი შეაწმინდონ იმ დამნაშავეებს, რომლებიც პირდაპირ გადავიდნენ ძალადობაზე.

ჩვენ ასევე არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყურადღება გადაგვატანინოს გუშინდელი შეკრების ბუნებისგან. საზოგადოება გათამაშებულ მიამიტობას აღარავის გაუტარებს. არც ქართველს და არც უცხოელს. გუშინდელი შეკრების თითოეულმა მონაწილემ კარგად იცოდა, რომ 4-ში 16:00 საათზე ხელისუფლების დასამხობად მიდიოდა. ზუსტად იყო დათქმული დროც, ადგილიც, გეგმაც და მიზანიც. გუშინ შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა კარგად იცოდა, თუ სად მივიდა და რას აკეთებდა.

ეს ის საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ ქვეყანაზე გაბოროტებული რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც 2022 წლის მარტში, იმავე ადგილიდან, უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას ითხოვდა, ვინც 2022 წლის ივნისში, იმავე ადგილიდან, ხელისუფლების უცხოური „ენჯეოებისთვის“ გადაცემას ცდილობდა, ვინც 2023 წლის მარტში, იმავე ადგილზე, პირველი „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, ვინც 2024 წლის ოქტომბერში არჩევნებში დამარცხდა და მარცხის მიღების ნაცვლად ისევ ქვეყნის არევის წარუმატებელი მცდელობა წამოიწყო. ეს ის, სხვისი დროშის მოფრიალე რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას სხვის მორჩილებაზე ცვლის.

სიმბოლურია, რომ გუშინ, სხვისი დროშის მოფრიალე ეს რამდენიმე ათასი ამრევი სწორედ თავისუფლების მოედანზე დამარცხდა.

სახელმწიფო გადატრიალების გუშინდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩვენ თვალთახედვიდან არ უნდა გამოგვრჩეს არც ის უცხოური პროპაგანდისტული მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლების დამხობის გუშინდელ მცდელობას ჰქონდა. დღის განმავლობაში საერთაშორისო მედია პლატფორმებზე საქართველოდან მუდმივად მიედინებოდა დეზინფორმაციის ნაკადი, ხოლო უცხოეთიდან ისმოდა წამქეზებლური მოწოდებები ხალხისგან, რომლებიც, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ სისხლისღვრის მოლოდინში, კმაყოფილი ხელებსაც იფშვნეტდნენ. ამ გარე მხარდაჭერის კულმინაცია კი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის პარალელურად ვიხილეთ, როდესაც გამოჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეების კოორდინირებული განცხადებები, რომლებსაც მაიდანიზაციის გარე მხარდაჭერის როლი უნდა ეკისრა.

დააკვირდით, რომ არც დანაშაულის მომზადებამდე, არც მისი მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ, არც ერთ უცხოელს, ბრიუსელის ბიუროკრატს თუ ცალკეული ქვეყნების ოფიციალურ პირს არამცთუ არ დაუგმია ძალადობა და დანაშაული, არამედ არც კი გამიჯვნია მას. გვესმოდა მხოლოდ დანაშაულის მხარდამჭერი ლოზუნგები და ზოგადი, ცარიელი ფრაზები დემოკრატიისა და თავისუფლების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო ცინიკური ჩანდა იმ მასობრივი დანაშაულის ფონზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი მსოფლიო.

უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადება, რომელმაც 4 ოქტომბერს დაანონსებულ ხელისუფლების დამხობის შეკრებას სოლიდარობა გამოუცხადა. ამ განცხადების მავნებლურ ხასიათზე ჩვენი მრავალჯერადი მითითების მიუხედავად, მას არავინ გამიჯვნია. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ ღია მხარდაჭერას არ ივიწყებს და განმარტებასაც ელის.

უცხოელი დამფინანსებლების და მფარველების მიერ გულში ჩახუტებული ექსტრემისტების შეუმდგარ ძალადობრივ დამხობაზე მათი გამაყრუებელი სიჩუმე კარგად აჩვენებს, თუ სინამდვილეში რა ფასი აქვს მათთვის დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ქართველი ხალხის მშვიდობიან განვითარებას.

4 ოქტომბრის შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება უნდა გახდეს უკანასკნელი გაფრთხილება ყველასთვის, შიგნითაც და გარეთაც. უკვე ისმის მოწოდებები, რომ ხელისუფლების დამხობის გუშინდელი მცდელობა მხოლოდ დროებითი წარუმატებლობაა და რომ საჭიროა, შეცვალონ ტაქტიკა, განაგრძონ პროვოკაციები და აუცილებლად დაამხობენ მთავრობას. წარმოუდგენელია უფრო დიდი ცინიზმი, ზიზღი და სამშობლოს გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, ვიდრე ეს ადამიანები კადრულობენ. თუმცა, 4 ოქტომბრის გაკვეთილი მიღებულია. კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული, ხალხს ჰქონდეს მშვიდობა, ხოლო საქართველოს და ჩვენს შვილებს – მომავალი.

სიმშვიდით, სიმტკიცით, ღირსებით, ერთგულებით და სიყვარულით კეთილმა სძლია ბოროტს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.