
დღეს აქ ძალაუფლებას ხელში აიღებს ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, ეს არჩევნები იქნება რუსული რეჟიმის მონაწილეობის გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ნადირაძის თქმით, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები სრულად შეიკრიბებიან, დაიწყება საერთო სახალხო, ქართული ეროვნული ყრილობა.
„გადავსებულია თავისუფლების მოედანი, ხალხი არის რესპუბლიკის მოედნამდე, არ წყდება ნაკადი. აქედან კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, არ გაბედო ამ ხალხთან დაპირისპირება, არ გაბედო, აქ დგას ანწუხელიძის საქართველო, ვინც არ შეურაცხყო გმირები. ეს ხალხი აქედან გამარჯვების გარეშე არ წავა. 13 წლის განმავლობაში თუ ვინმემ ისწავლა ჭკუა, ეს ჩვენ ვართ, ბიძინა, იცოდე, რომ ვეღარ მოგვატყუებთ, არავინ არ ჭამს შენს გადმოგდებულ პრემიერ-მინისტრს, შენს გადმოგდებულ მთავრობას, შენ მიერ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებს, დღეს აქ ძალაუფლებას ხელში აიღებს ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, ეს არჩევნები იქნება შენი და შენი რუსული რეჟიმის მონაწილეობის გარეშე.
ასევე, კიდევ ერთხელ მივმართოთ პოლიციელებს, სპეცრაზმელებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ჩვენ არცერთ რიგით ადამიანს არ გებრძვით, თქვენ ზუსტად ისეთივე მოქალაქეები ხართ ამ ქვეყნის, როგორც არის აქ მდგომი დანარჩენი საქართველო. ის 5 პროცენტი, თქვენი ხელმძღვანელები, თქვენი უფროსობა, რომლებიც თქვენს ხარჯზე, თქვენი მუშაობის ხარჯზე ჯილდოებსაც იღებენ, ხელფასებსაც, წოდებებსაც, თანამდებობებსაც, მაგრამ თქვენ ყველაზე კარგად იცით, რიგითი პოლიციელისთვისაც ჩვეულებრივად გაძვირდა პური, შაქარი, ზეთი, კომუნალური, ცხოვრება, არც თქვენ გყოფნით ხელფასი, პენსია, მათ შორის ძალოვანის პენსია, არც თქვენს შვილებს აქვთ ნორმალური საქართველო. ამიტომ, თქვენც მოგიწოდებთ და მოვუწოდებ თქვენს მშობლებს, სპეცრაზმელების, ძალოვნების დედებო, მამებო, დებო, ძმებო, მოდით და წაიყვანეთ აქედან თქვენი შვილები, თქვენი ძმები, ვისაც დღეს დაავალებენ უკანონო დავალების შესრულებას. დღეს აქ ქართველი ქართველს არ უნდა დაუპირისპირდეს, დღეს მთელი მსოფლიო გვიყურებს და ყველამ უნდა დაინახოს, საქართველო არ გატყდა, არ დანებდა, საქართველო კვლავ ბრუნდება სიამაყის, ერთობის, ევროპულ გზაზე. ველოდებით ჩვენს მოძმეებს, ჩვენს ძმებს, დებს, რომლებიც ახლა მოდიან, გზაში არიან საცობებში. მას შემდეგ, რაც შემოგვიერთდებიან, დავიწყებთ საერთო სახალხო ქართულ ეროვნულ ყრილობას“, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.