„დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის მიმართ გამოხატული ბოლოდროინდელი მწვავე რიტორიკა აშშ-ის პრეზიდენტის ერთგვარ ტაქტიკას წარმოადგენს“, – წერს ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) სტატიაში სათაურით: „ტრამპის მკვეთრი გამონათქვამები რუსეთის მიმართ მხოლოდ „მოლაპარაკების წარმოების ტაქტიკაა“ (ავტორები – მაიკლ ბირნბაუმი და ნატალი ელისონი). „როგორც ჩანს, რუს კოლეგაზე იმედგაცრუებული აშშ-ის პრეზიდენტი ახლა ასეთი მოქმედებით ცდილობს კრემლზე ზეწოლა მოახდინოს“, – ასეთი აზრია გატარებული მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა თავისი განცხადებით, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის განადგურებაში – ტერიტორიის დაბრუნებასა და საზღვრის თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენაში – მსოფლიოს ლიდერები გააკვირვა და იმავდროულად ძალიან გაახარა კიეველი პოლიტიკოსებიც.
აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციის აშკარა ცვლილება უკრაინის სასარგებლოდ არის იმის ნიშანი, რომ დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინის მიმართ იმედები გაუცრუვდა. ეს მოხდა ორი თვის შემდეგ ალასკის სამიტის დასრულებიდან. ამერიკელი და რუსი პრეზიდენტების შეხვედრა ანკორიჯში პომპეზურად დაიწყო, მაგრამ ისე დასრულდა, რომ რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოუტანია.
და მაინც, დონალდ ტრამპს მკაფიოდ არ მიუნიშნებია აშშ-ის დამოკიდებულების ცვლილებაზე კიევის მიმართ გაეროს გენასამბლეის სხდომის დღეს, როცა იგი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამას ადასტურებს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, დელიკატურ დიპლომატიური მოლაპარაკებაზე საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ უკრაინას ტერიტორიების დაკარგვას მოუწევდა და ამ პერსპექტივას კიევი უნდა შერიგებოდა, ამიტომ მისი განცხადება სამშაბათს, რომ „კიევს მთელი უკრაინის დაბრუნება შეუძლია პირვანდელი საზღვრების ფარგლებში“, თუ მას ევროპა სათანადოდ დაეხმარებაო, მისი პოზიციებიდან მნიშვნელოვან უკან დახევას წარმოადგენს.
საინტერესოა, რომ ტრამპის ასეთი ნათქვამიდან რამდენიმე საათის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადა, რომ კონფლიქტი ბრძოლის ველზე კი არა, მოლაპარაკების მაგიდაზე დასრულდებაო. რას ნიშნავს ეს? იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ნათქვამი პრაქტიკულად განხორციელებული არ იქნება.
თეთრი სახლის ანონიმმა მაღალჩინოსანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ესოდენ წინააღმდეგობრივი მოქმედება ნაკარნახევია საკითხით – „როგორ უნდა იქნას მიღწეული შეთანხმება“.