“ტრამპი მართალია: უკრაინას რუსეთზე გამარჯვება შეუძლია”-The Daily Telegraph

27
spot_img

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) 26 სექტემბრის ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით “ტრამპი მართალია: უკრაინას რუსეთზე გამარჯვება შეუძლია” (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი, სამხედრო ექსპერტი). ბრიტანეთის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი არგუმენტირებულად ასაბუთებს, რომ უკრაინას ნამდვილად აქვს რუსეთის დამარცხების შესაძლებლობა, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად გარკვეული ზომების მიღება არის აუცილებელი.

გთავაზობთ პუბლიკაციას უმნიშვნელო შემოკლებით:

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას ყველაფრის დაბრუნება შეუძლია, რაც მან 2014 წლიდან დაკარგა. აშშ-ის პრეზიდენტი ახლა რუსეთს „ქაღალდის ვეფხვს“ უწოდებს. ჩემი აზრით, ამჯერად დონალდ ტრამპი სიმართლეს ამბობს, მაგრამ საკითხავია, რამდენად შეუწყობს იგი ხელს უკრაინას მიზნის შესასრულებლად. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამერიკელი ლიდერმა მტკიცედ უნდა დაიცვას თავისი პოზიცია და ისე სწრაფად არ უნდა შეცვალოს, როგორც ამას ადრე აკეთებდა ხოლმე.

„ქაღალდის ვეფხვი“ ჩინური გამონათქვამის ერთგვარ ასლს წარმოადგენს: ეს ტერმინი ისეთ ადამიანს გამოხატავს, რომელსაც ხელისუფლებაზე პრეტენზია აქვს, ან ძალიან შიშისმომგვრელად გამოიყურება, მაგრამ იმავდროულად არაეფექტურია და გამოწვევებისადმი გამკლავება არ შეუძლია. ალბათ, დონალდ ტრამპმა, უფრო სწორად კი მისმა სპიჩრაიტერმა ამ ტერმინის მნიშვნელობის გასაგებად მცირე გამოკვლევა ჩაატარა და რაოდენ დიდი ირონია იმალება იმაში, რომ ჩინური გამონათქვამი ზუსტად შეესაბამება ჩინეთისავე მეგობარს – რუსეთის ტირანს.

დონალდ ტრამპის ამბიციები და უკრაინის პრეზიდენტისადმი გამოვლენილი ნდობა რომ რეალიზებული გახდეს, ამისათვის აშშ-სა და ევროპას აუცილებლად მოუწევთ რიგი სამხედრო და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც რუსულ ურდოებზე უკრაინის გამარჯვებას უზრუნველყოფს.

პირველ რიგში ნატომ არასაფრენი ზონა უნდა დაადგინოს – თავდაპირველად დასავლეთ უკრაინაში, სამოქალაქო ობიექტების დაცვის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპას ბევრი თანამედროვე F-35 ავიაგამანადგურებელი ჰყავს, სრულიად შესაძლებელია დასავლეთ უკრაინის საჰაერო ზონის დახურვა ისე, რომ რუსული ავიაცია ნატოს ავიაციას არ შეეჯახება. თუ ეს გაკეთდება, ამით ჩაიშლება რუსეთის გეგმები უკრაინის მოსახლეობის დაშინების მიზნით. შესაბამისად, ლვოვისა და როვნოს ოლქებში, კარპატისპირეთში დისლოცირებული უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალები აღმოსავლეთით, ფრონტზე იქნება გადასროლილი და ქვეყნის არმიას შემტევით ოპერაციებში დაეხმარება.

მეორე – პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას ბევრად მეტი მაღალი სიზუსტის მქონე მართვადი რაკეტები უნდა მისცეს, რომლებიც, ნატოს წევრების მიერ საფასურის გადახდის შემდეგ, უკრაინას გადაეცემა და მოხსნას შეზღუდვა ამ რაკეტებით რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ობიექტების განადგურებაზე. ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად ეფექტურია უკრაინული წარმოების რაკეტების და დრონების ეფექტურობა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების დროს. სრულიად აშკარაა, რომ ეს მაჩვენებელი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება, უკრაინას რომ დასავლურ ტექნოლოგიებზე წვდომა ჰქონდეს.

მესამე – რა თქმა უნდა, რუსეთს სულ უფრო მეტი და მეტი სანქცია უნდა დაუწესდეს. მხოლოდ სიტყვიერი მუქარები და შეშფოთება-აღშფოთებები არასაკმარისია. ევროპამ უკრაინის ქალაქები და მშვიდობიანი მოსახლეობა სამხედრო ძალის გამოყენებითაც უნდა დაიცვას და საჭიროების შემთხვევაში, ნატომ გაბედული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

უკრაინა ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიგებს, თუ ევროპა ვა-ბანკზე წავა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი კი ხვალ-ზეგ თავის ნათქვამს არ გადაიფიქრებს. ყოველი რუსული თვითმფრინავი, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს საჰაერო სივრცეს დაარღვევს, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს, თორემ სხვაგვარად გაეროში და ევროპის დედაქალაქებში გაჟღერებული რიტორიკა უაზრო ყბედობა იქნება, ვლადიმერ პუტინი კი უფრო გათამამდება.

თუ დონალდ ტრამპი ისევ შეიცვლის თავის პოზიციას, ევროპა კი ვერ შეძლებს თავისი ზეცის რუსული თვითმფრინავებისა და დრონებისაგან გაწმენდას, ვშიშობ, რომ უკრაინაში ომი ათწლეულებშიც კი არ შეწყდება და ის იმდენ ხანს გაგრძელდება, რომ ბრძოლების მოწმე კიდევ ორი ან სამი თაობა იქნება.

წყარო: