ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების შესყიდვას სრულად შეწყვეტს

2
spot_img

ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების შესყიდვას სრულად შეწყვეტს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს სრულად ეთანხმება.

„პრეზიდენტი ტრამპი მართალია. ევროპაში რუსული ენერგორესურსების არსებობა 80%-ით შევამცირეთ. მაგრამ რასაც ვხედავთ, რუსული ენერგორესურსები „შავი ხვრელიდან“ ბრუნდება, რაც მიუღებელია. ამიტომ ჩვენ სანქციებს ვაწესებთ რუსეთიდან ევროპაში შემომავალ თხევად ბუნებრივ აირზე,“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე იხსენებს, რომ 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას ევროპა ენერგეტიკის მხრივ მართლაც რუსეთზე იყო დამოკიდებული და რომ მას შემდეგ ევროკავშირმა დიდი გზა გაიარა.

„პუტინმა შეგვიწყვიტა გაზი. ჩვენ სერიოზული ენერგეტიკული კრიზისი გვქონდა. ჩვენ გავამრავალფეროვნეთ ჩვენი მარაგი, განვახორციელეთ მასშტაბური ინვესტიციები განახლებად წყაროებსა და ბირთვულ ენერგეტიკაში, გავთავისუფლდით დამოკიდებულებისგან. ასე რომ ახლა, ჩვენ თითქმის გავთავისუფლდით რუსული ენერგორესურებისგან. და ეს სიმართლეა – ჩვენ ეს სამუშაო ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და მათგან გავთავისუფლდეთ, რადგან ისინი მხოლოდ რუსეთის ომს კვებავენ“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, იმ ქვეყნებმა, რომლებიც რუსული თხევადი ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეძენას ჯერ კიდევ განაგრძობენ, ევროკავშირის ახალი მე-19 პაკეტის გამო, ალტერნატიული გზები უნდა მოძებნონ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთიდან ენერგიის შეძენით „საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებს“.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მანამდე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნების მიუხედავად, რუსულ ენერგომომარაგებაზე უარის თქმას არ აპირებს.