იმ ერის სახელმწიფოს აღიარება, რომელიც არ არსებობს, მხოლოდ უგუნურ ჟესტს წარმოადგენს – The Daily Telegraph

4
spot_img

საერთაშორისო მასმედიაში აქტიურად განიხილება პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების საკითხი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ. როგორც ცნობილია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 1947 წელს მიიღო გადაწყვეტილება პალესტინის – ახლო აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ისტორიული მხარის ტერიტორიის ორად გაყოფის თაობაზე – არაბულ და ებრაულ სახელმწიფოებს შორის. ქალაქი იერუსალიმი კი, როგორც არაბებისა და ებრაელებისათვის წმინდა ადგილი, საერთაშორისო კონტროლის ქვეშ უნდა დარჩენილიყო. ადგილობრივმა ებრაელებმა გაეროს გადაწყვეტილება მთლიანობაში აღიარეს (შეიქმნა სახელმწიფო ისრაელი), არაბებმა კი უარი განაცხადეს, რის გამოც ისრაელსა და არაბებს შორის ომების სერიალი დაიწყო. ისრაელი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რომ პალესტინაში (ებრაელთა მიწა-წყალზე) კიდევ ერთი არაბული სახელმწიფო შექმნილიყო.

გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებების კვალობაზე, წლების განმავლობაში პალესტინა თანდათან იქნა აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაეროს წევრი 150 ქვეყნის მიერ, თუმცა ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო – ისრაელის მომხრეები – უარს აცხადებდნენ, ამ დღეებში კი, ღაზას სექტორში მიმდინარე ისრაელ-არაბების მორიგი ომის ფონზე, პალესტინის აღიარებას ისინიც დათანხმდნენ:  საფრანგეთი, ბელგია, ავსტრალია, კანადა და  დიდი ბრიტანეთი, თუმცა ამ მხრივ ბრიტანულ მასმედიაში სხვადასხვაგვარი მოსაზრება ვრცელდება.

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) სარედაქციო სტატიაში სათაურით „იმ ერის სახელმწიფოს აღიარება, რომელიც არ არსებობს, მხოლოდ უგუნურ ჟესტს წარმოადგენს“, ვკითხულობთ:

„პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გადაწყვეტილება პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პალესტინელი ერი არ არსებობს [პალესტინელები არაბები არიან], უგუნურ და უაზრო ნაბიჯს წარმოადგენს. პრემიერის ასეთი მოქმედება მიმართულია იქით, რომ დაამშვიდოს რადიკალი ლეიბორისტები და თავი მოაწონოს ისეთ ლიდერებს, როგორიც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია. ორი დღის წინ ფრანგი ლიდერი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და საკუთარი წვლილი პალესტინის აღიარებაში პოზიტიურად თვითონვე შეაფასა. მისი თქმით, აუცილებელია წერტილი დაესვას ახლო აღმოსავლეთის პრობლემას და პრაქტიკულად შესრულდეს გაეროს 1947 წლის დადგენილება ორი სახელმწიფოს – ებრაულის და არაბულის – შექმნის თაობაზე.

მაგრამ აქვს თუ არა მაკრონის გადაწყვეტილებას რაიმე პრაქტიკული ეფექტი? ამერიკის შეერთებული შტატები პალესტინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდის და სანამ ისრაელს გვერდით აშშ ჰყავს, ის კურსს არ შეცვლის და პალესტინის აღიარებას არ შეურიგდება.

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ოთხი მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოებრიობას, იმის გამო, რომ ვაშინგტონს ვეტოს უფლება აქვს, მას შეუძლია ოთხი დანარჩენის მიერ გამოტანილი ვერდიქტი „ქარს გაატანოს“. სხვათა შორის, ისეთი მსხვილი ევროპული სახელმწიფოები, როგორებიცაა გერმანია და იტალია, ჯერ კიდევ განზე დგანან და საფრანგეთ-ბრიტანეთის პოზიციებს არ იზიარებენ.

ფაქტია, რომ „პალესტინის სახელმწიფო“ არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ათეული წლების განმავლობაში იასირ არაფატი და სხვა ლიდერებს შეეძლოთ დათანხმებულიყვნენ გაეროს 1947 წლის დადგენილებას და პრობლემის მშვიდობიანი მოლაპარაკებით მოგვარება დაეწყოთ. მაგრამ სამწუხაროდ, მათ მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა სურდათ და ეწინააღმდეგებოდნენ ებრაულის არსებობას. „ჰამასისა“ და სხვა არაბული გასამხედროებული ორგანიზაციის მიზანს დღემდე ისრაელის განადგურება წარმოადგენს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ პალესტინის დამოუკიდებლად აღიარება მხოლოდ წმინდა სიმბოლურს აქტს წარმოადგენსო, მაგრამ სწორედ ამ „სიმბოლურმა აქტებმა“ უბიძგეს თავის დროზე ისრაელს ტერიტორიის ანექსიის გაფართოებისაკენ და მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე [სადემარკაციო ხაზის მიღმა] ებრაული დასახლებების მშენებლობის დაწყებისაკენ. ასეთი ნაბიჯებით პალესტინელი არაბების მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, დასავლელი პოლიტიკოსები კი თავს იწონებენ. რეალურად სიტუაცია როგორიც იყო, ისეთივე რჩება – ანუ  პრობლემის მოგვარება განუხორციელებელი ხდება.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ