
რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრასთან დაკავშირებით გაერო-ს საგანგებო სხდომის წინ გავრცელდა მთავრობების ერთობლივი განცხადება, რომელშიც რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
განცხადება გავრცელდა ალბანეთის, ანდორას, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ფინეთის, ფიჯის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მოლდოვის, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სან მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირისა და ესტონეთის მთავრობების სახელით.
„19 სექტემბერს სამმა რუსულმა გამანადგურებელმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. ისინი ნატო-ს ცაზე 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ღრმად შეაღწიეს ესტონეთის საჰაერო სივრცეში და ესტონეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თითქმის 100 კილომეტრი დაფარეს. ეს საშიში ესკალაციაა. ეს იყო წელს რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის მეოთხე დარღვევა. სამი თვითმფრინავი ერთდროულად შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და ტალინიდან, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის დედაქალაქიდან რამდენიმე წუთის სავალზე იმყოფებოდა. ჩვენ დღეს აქ ვართ, რადგან ეს ინციდენტი ეხება არა მხოლოდ ესტონეთს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის ამ აღმაშფოთებელ დარღვევას წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ეს რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ პროვოკაციების უფრო ფართო სქემის ნაწილია. მაშინ როცა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი აგრძელებს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას, რუსეთის დაუფიქრებელი ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციას, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან აახლოებს, ასეთი პროვოკაცია ღრმა უპატივცემულობას წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების კოლექტიური და დაუღალავი ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და მშვიდობისა და სტაბილურობის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აღდგენისკენ. ამიტომ ესტონეთმა გადაწყვიტა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა. მადლობას ვუხდით საბჭოს თავმჯდომარეს, კორეის რესპუბლიკას სხდომის სწრაფი მოწვევისთვის. ასევე, ვიყენებთ ამ შემთხვევას, რათა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი და შეასრულოს გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უნდა მოითხოვდეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების დაცვას. ჩვენ ყოველთვის უნდა გავაკრიტიკოთ ასეთი აღმაშფოთებელი ქმედებები გაერო-ს ნებისმიერი წევრის მხრიდან და, მით უმეტეს, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მხრიდან, რომელსაც აკისრია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. გმადლობთ ყველას ამ მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მარგუს ცაჰკნამ შეხვედრის წინ წაიკითხა.