საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

14
spot_img

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი ლ.კ. დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ვეტერინარის თანამდებობაზე მუშაობდა და ცხოველთა აღრიცხვიანობისა და იდენტიფიკაციისათვის საჭირო ე.წ. საყურე ნიშნების უსასყიდლოდ გაცემას უზრუნველყოფდა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით არღვევდა კანონით დადგენილ პროცედურებს. კერძოდ, მან ერთ-ერთ მოქალაქეს დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ, სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ჯამში 650 ლარი.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ქრთამის სახით მიღებული თანხის ნაწილი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მომავალშიც გააგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას.