თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ერთადერთი სურვილი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაა, რაც მათ არ გამოუვათ.
როგორც კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ოპოზიცია გარედან მართული დაჯგუფებაა, რომლის შექმნაში წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა.
„ეს არის მოძალადე დაჯგუფება, რომლის შექმნასა და ჩამოყალიბებაში წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა. ისინი არიან უსამშობლო ადამიანები, რომელთაც არანაირი წმინდა არ გააჩნიათ – არც სიყვარული, არც პატივისცემა. მათ შესაქმნელად გარედან ჩართული ძალები მუშაობდნენ, იხარჯებოდა ძალიან დიდი თანხები, რომლებიც ე.წ. არასამთვრობო ორგანიზაციების გავლით შემოდიოდა. რა თქმა უნდა, ამ თანხების ძალიან დიდი ნაწილი ხმარდებოდა მსგავსი ტიპის ადამიანების შექმნას, პოლარიზაციის გაღრმავებას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, რევოლუციების მოწყობას და ა.შ. ქვეყანაში არანაირი რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება, მიუხედავად მათი მცდელობებისა. ვიცით, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად წარმოადგენენ აგენტურას, იმართებიან გარედან და მათი ერთადერთი სურვილია, როგორმე სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ. არ გამოვა ეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კონკრეტული უნივერსიტეტების მხრიდან საპროტესტო აქციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ შეკითხვას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ყველაფერს კანონის ფარგლებში შესაბამისი პასუხი გაეცემა.
„ე.წ. ენჯეოსექტორის თანხების სქემა, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, გაშიფრული იყო. ყველაფერი ცხადი და ნათელი გახდა საზოგადოებისთვის, როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის დაფინანსება და ინიღბებოდა, ვითომ რაღაც კეთილ საქმეს აკეთებდნენ. რეალურად, თანხები ხმარდებოდა რევოლუციების მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს და იმ ტიპის ადამიანების შექმნას, 30 აკაცუკი რომ გვყავს დღეს. დედაქალაქში ვნახეთ რევოლუციის მოწყობის არაერთი მცდელობა. დღეს უკვე შემოიტანეს სიახლე და უნივერსიტეტების გავლით უნდათ თანხების შემოტანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს მიეხედება და გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რადგან მმართველი გუნდი ქართველი ხალხის ინტერესს ატარებს.
„4 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ძალიან დიდი ანგარიშით, ყველა ოლქში, როგორც მუნიციპალურ, ისე მერების მიმართულებით, რადგან „ქართული ოცნება“ არის ეროვნული, პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც იცავს ქვეყნის და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს. შესაბამისად, ხალხი ძალიან კარგად აკეთებს ანალიზს იმასთან დაკავშირებით, ვინ რას წარმოადგენს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.