კიევისადმი ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარებით უკრაინელი ოლიგარქები მდიდრდებიან – Nya Dagbladet

18
spot_img

 „კიევისადმი ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარებით უკრაინელი ოლიგარქები მდიდრდებიან“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული შვედეთის ყოველდღიურ გაზეთ „ნია დაგბლადეტში“ (Nya Dagbladet) სტატია, რომლის ავტორი იოშეფ ჩიბა კრიტიკულად არის განწყობილი უკრაინისადმი ევროპის მხარდაჭერის მიმართ – იმ თვალსაზრისით, რომ ბრიუსელის მიერ გაწეული დახმარება დიდწილად ქვეყნის თავდაცვასა და მოსახლეობას კი არ ხმარდება, არამედ ცალკეული მაგნატების კიდევ უფრო გამდიდრებას.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებით:

ევროკავშირმა უკრაინისადმი გაწეული დახმარების სახით უკვე თითქმის 150 მილიარდი ევრო დახარჯა.

რამდენ ხანს გააგრძელებენ კიდევ ევროპელი ბიუროკრატები უძირო ორმოს ამოვსების მცდელობას? ეს კითხვა რომ ევროპელ ჩინოვნიკებს დავუსვათ, მათგან ნორმალურ და გონივრულ პასუხს ვერ მივიღებთ, რაც, პრინციპში, არც უნდა გაგვიკვირდეს: ევროკავშირს ხომ უკრაინის მიმართ გრძელვადიანი პოლიტიკა არ აქვთ.

არადა, უკრაინა უკიდურესად მძიმე სიტუაციაშია ჩავარდნილი: ომის ფრონტებიდან არასასიამოვნო ცნობები მოდის, ქვეყანა ინგრევა… რა თქმა უნდა, ომში დამნაშავე რუსეთია, მაგრამ ჩნდება ბუნებრივი კითხვა – როდემდე უნდა აცხადოს უარი უკრაინამ თუნდაც მისთვის მძიმე ზავზე, სანამ მთლიანად არ დაინგრევა? ევროპას უკრაინის გარდა, სხვა პრობლემებიც აქვს და ამიტომ მთელ თავის რესურსებს მხოლოდ კიევისათვის ვერ დახარჯავს. რომელი საღად მოაზროვნე მოკრივე გააგრძელებს ბრძოლას ისეთ მეტოქესთან, რომლის წონა რამდენჯერმე მეტია? გაბედულება კარგი თვისებაა, მაგრამ შედეგებზე ხომ უნდა იფიქროს, რა მოუვა? დიახ, ამაზე ლაპარაკი არასასიამოვნო და არაეთიკურია, მაგრამ ასეთია მკაცრი რეალობა.

ბრიუსელელი ევრობიუროკრატების მიერ უკრაინისათვის დახარჯული 160 მილიარდი ევრო უზარმაზარი თანხაა, რომელიც თავის დროზე, მშვიდობიანობის დროს, არც უკრაინის და არც სხვა ქვეყნების აღმშენებლობას არ მოხმარდებოდა, ახლა კი პირიქით – სასწრაფო წესით იფანტება მილიარდობით ფული სიკვდილისთვის და ნგრევისათვის. ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი უპირატესობას ომის გაგრძელებას ანიჭებს და ამდენ თანხას უგზავნის ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრიც კი არ არის. თანაც ფრაუ ურსულა თანამოქალაქეების დაუკითხავად მოქმედებს: სურთ თუ არა ევროპელებს უკრაინის რჩენა კიდევ წლების განმავლობაში?

კითხვები ძალიან ბევრია, თუნდაც ასეთი: ვისი ჯიბეები ივსება ევროკავშირის ფულით? განა ბრიუსელის მიერ გამოყოფილი თანხები მიზნობრივად იხარჯება და უპირატესობა რიგით უკრაინელებს ეძლევათ? ზოგიერთი არგუმენტირებული მონაცემის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი ოჯახი და მეგობრები 2014 წლის თებერვლის მაიდნის შემდეგ  სწრაფად გამდიდრდნენ. ვინ არიან ისინი?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დიდი მადლობა უნდა გადაუხადოს იგორ კოლომოისკის, ტელეპროდიუსერს და მილიარდერს – „ტორტის“ იმ დიდი გემრიელი ნაჭრისთვის, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტობით მიიღო. სწორედ იგორ კოლომოისკის დამსახურებაა, რომ კლოუნი და მსახიობი ქვეყნის პრეზიდენტად იქნა არჩეული, ერთ-ერთი პოპულარული კინოსერიალის „ხალხის მსახურის“ მიხედვით.

მეორე – ევროპელი მოქალაქეების ფული ჩავიდა ფოლადმდნობი ბიზნესმენის რინატ ახმეტოვის ჯიბეში, რომლის ქონება 30 მილიარდი აშშ დოლარით არის შეფასებული. და ეს ხდება გაღატაკებულ უკრაინაში, რომელიც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული უცხოურ დახმარებაზე.

მესამე – მათგან ერთ-ერთია სერგეი ტარუტა, რომელიც მნიშვნელოვნად გამდიდრდა მაიდნის შემდეგ უკრაინის სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციის პროცესში;

მეოთხე – სერგეი კოლონიუკი – კაცი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული საინვესტიციო კომპანიის Black Rock-ის მხარდაჭერით სარგებლობს. მან თავისი კავშირები გლობალისტურ წრეებსა და ბრიუსელის ელიტასთან პირადი გამდიდრებისათვის გამოიყენა.

მეხუთე – ვიქტორ პინჩუკი, რომელიც მეცნიერიც არის და ბიზნესმენიც, თუმცა თავისი გავლენის ზრდას ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იმდროინდელი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სიძეობას უნდა უმადლოდეს.

ეს სია შეიძლება კიდევ ბევრი ადამიანის გვარით გაგრძელდეს – უკრაინა მდიდარია როგორც ბუნებრივი რესურსებით, ასევე ოლიგარქებითაც. პრობლემა იმაშია, რომ ფული და ძალაუფლება ხელში შეუფერებელ ადამიანებს ჩაუვარდათ. ტყუილად კი არ არის განთქმული უკრაინა არასასიამოვნო რეპუტაციით, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ოლიგარქს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩათვლით, რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში სულაც არ სურთ ომის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება, რადგანაც მილიარდების მდინარე დაშრობას დაიწყებს და შეიძლება უარესიც მოხდეს: ევროპელებს უხერხული კითხვები დაებადოთ – აბა, გვითხარით, საიდან გაგიჩნდათ ამდენი ფული გაგანია ომის დროს? როცა ქვეყანა თავზე გექცევათ, თქვენ კი მდიდრდებით?

დღეს უკრაინას ევროპაში ყველაზე დიდი არმია ჰყავს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე (არაბირთვული) იარაღით არის აღჭურვილი და ეს ყველაფერი ევროკავშირის წყალობით მიიღო. სად არის იმის გარანტია, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კიევი ძველ წყენას არ გაუხსენებს, ვთქვათ, უნგრეთს და ან სლოვაკეთს, ან კიდევ რომელიმე დასავლელ მეზობელს და მათ არ დაარტყამს? დღეს ეს ქვეყნები აქტიურად აკრიტიკებენ უკრაინას და ხელს უშლიან კიევის დაფინანსებას რუსეთთან ომში.

უფროსი ტაობის ადამიანებს კარგად ახსოვთ, რომ უნგრეთის წინააღმდეგ 1956 წელს და ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ 1968 წელს საბჭოთა არმიის აგრესიაში სწორედ ის სამხედრო ნაწილები მონაწილეობდნენ, რომლებიც უპირატესად უკრაინელებით იყო დაკომპლექტებული. არის იმის გარანტია, რომ მსგავსი რამ ახლაც არ განმ,ეორდება? ბევრი, ალბათ, იტყვის, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ნატოს წევრები არიან და კიევი მათ ვერაფერს გაუბედავსო, მაგრამ გავიხსენოტ ახლახანს მომხდარი ინციდენტი – უკრაინამ ამ ქვეყნებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნავთობსადენი დაბომბა, მაგრამ განა რაიმე გააკეთა ევროპამ უნგრეთ-სლოვაკეთის ინტერესების დასაცავად? თითიც კი არ გაუნძრევია.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ აშშ ევროპულ სასაკლაოზე თავის ჯარისკაცებს გაგზავნის, ძალიან სცდება.  ამერიკას საერთოდ არ აინტერესებს არც არც შვედეთის და არც ფინეთის ბედი, თუ მათ რუსეთი დაესხმება. ამერიკა თავისი არმიით სიტუაციაში მხოლოდ მაშინ ჩაერევა, როცა კონკრეტულად მისი ინტერესები შეილახება. შვედეთისა და ფინეთის დაცვა კი დღევანდელი აშშ-ის ინტერესებში არ შედის.

თუ ჩვენ, ევროპელებს, გვინდა ჩვენი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების აშშ-ის დახმარების გარეშე შენარჩუნება და მისი დაცვა საკუთარი ძალებით, მაშინ უკეთესი იქნება ნატოს და ევროკავშირს არ მივენდოთ. ჩვენ, ევროპის ეროვნული ქვეყნები, რომლებიც, განსხვავების მიუხედავად, პატივს ვცემთ ერთმანეთს და ერთმანეთისადმი განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს, ერთ მუშტად  უნდა შევიკრათ. რა ტქმა უნდა, ასეთი ნაბიჯი შოკში ჩააგდებს და კოშმარი იქნება ისეთი გლობალისტებისათვის, როგორიც ურსულა ფონ დერ ლაიენია და ჩვენი საკუთარი პრემიერის ულფ კრისტენსენისთვისაც.

რაც არ უნდა იყოს, მათ მმართველობას უკვე ყავლი გაუდის – სულ უფრო მეტი ევროპელი ლიდერი აცნობიერებს, რომ ბრიუსელის გლობალისტურმა ელიტამ ისინი მოატყუა. რჩება მხოლოდ იმის იმედი, რომ მალე ისინიც დიდი ბრიტანეთის გზას გაჰყვებიან და ევროკავშირიდან გავლენ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ