
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს სსიპ „თავდაცვის მოხალისის” ორგანიზებით ჩატარებული საპილოტე პროგრამა — „თავდაცვის მოხალისის კურსი” დასრულდა, რომელიც მოხალისეთა ორგანიზაციის” ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” მხარდაჭერით 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროგრამის ფარგლებში, მოხალისეებმა გაიარეს მრავალფეროვანი სამხედრო დისციპლინები, მათ შორის:
სამხედრო ეთიკა და სუბორდინაცია, საცეცხლე მომზადება ,საინჟინრო მომზადება,
საბრძოლო სროლის სავარჯიშოები, საინფორმაციო ოპერაციები, კავშირგაბმულობის საშუალებები, არასტანდარტული ლოჯისტიკა, სამხედრო ტოპოგრაფია, ტაქტიკური მომზადება.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, 25 მონაწილეს პირველად მიენიჭა „თავდაცვის მოხალისის” სტატუსი და გადაეცათ სერტიფიკატები.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ,საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ „თავდაცვის მოხალისის” დირექტორს მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი არაბულმა. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, მიულოცეს პროგრამის დასრულება და წარმატებები უსურვეს მომავალ მოხალისეობრივ საქმიანობაში.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, „საქართველოს გენერალთა კლუბის” აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, თავდაცვის ძალების, “თავდაცვის მოხალისის” და ორგანიზაციის “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლები.