ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, სახელმწიფო ძალიან აქტიურია, ამას ადასტურებს რიცხვებიც, მათთვის განსაზღვრული ბიუჯეტი დღეისთვის 300 მილიონს უტოლდება -მიხეილ სარჯველაძე

12
spot_img

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, სახელმწიფო მართლაც ძალიან აქტიურია და ამას საზოგადოებაც კარგად ხედავს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა

სარჯველაძის თქმით, ამის დასტურია ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის ზრდაც.

„რამდენიმე წლის წინ ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის 300 მილიონს უტოლდება. ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო შედეგია. ინიციატივები, რომლებიც ცალკეულ გაუმჯობესებებს უკავშირდება, ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშე გვაქვს ყურადღების ქვეშ. ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობა უნდა სცადონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად მართავს შეხვედრებს პროგრამების ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

„არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ჰქონიათ და არ ვიცი, რისთვის შეიძლება, სჭირდებოდეთ თქმა, რომ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის. ეს შეხვედრები ისედაც იმართება. არ მგონია, სადმე დახურულ კარს წააწყდნენ. ამ თვალსაზრისით, ჩვენი სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა. რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარსს, ალბათ, კონკრეტულად უნდა ითქვას, რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და როგორ იქნას მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები სწორი მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.