ხაზარაძესა და ჯაფარიძე თუ არ აქვთ შეწყალების სურვილი, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს -კახა კალაძე

7
spot_img

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია, ორი დამნაშავე შეიწყალა, ხაზარაძესა და ჯაფარიძე თუ არ აქვთ შეწყალების სურვილი, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ კომენტარი გააკეთა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე.

„მათ შეწყალებას არანაირ ლეგიტიმაციასთან არ აქვს კავშირი. ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს იყო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას, არა აგენტურას, არა ბოროტებას და ომში ჩათრევას. შესაბამისად, იგივეა ახლა. მათ თუ არ აქვთ სურვილი შეწყალების, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ რომელი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსიც მიიღებებდა არჩევნებში მონაწილეობას, მისი მხრიდან მათ მიმართ კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კანონის დაცვა მართებს ყველას, მიუხედავად სტატუსისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შესაბამისი რეაგირება მოყვება.

„უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ რაღაც დონის ურთიერთპატივისცემა მნიშვნელოვანია. რატომ უნდა გიხაროდეს ვინმეს დაკავება, თუმცა, ტყუილად ხომ არ არიან დაკავებულები. როდესაც დანაშაულს ჩადიხარ, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება. კანონის დაცვა ყველას მართებს, არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა თანამდებობა აქვს, ეს იქნება ჟურნალისტი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი და ა.შ. პოლიტიკაში ყოფნა ვერ იქნება ფარი დანაშაულის ჩადენისას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.